9 დათქმის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯი, "ოცნებამ" უკან გადადგმულად აქცია - "ლელო" განცხადებას ავრცელებს

09.02.24 21:03
9 დათქმის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯი, "ოცნებამ" უკან გადადგმულად აქცია - "ლელო" განცხადებას ავრცელებს

 9 დათქმის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯი, "ოცნებამ" უკან გადადგმულად აქცია - ასე აფასებს "ლელო" დღეს "ქართული ოცნების" მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებულ კანონს, რომელიც საარჩევნო კოდქსში შესატან ცვლილებებს უკავშიდება. ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთხელ უგულებელყო ევროკავშირის მოთხოვნა, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ.

გავრცელებულ განცხადებაში "ლელო" ყურადღებას ყველა იმ პუნქტზე ამახვილებს, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა პროექტის განხილვისას გააკრიტიკა. 

დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ მეორე მოსმენით მიიღო ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ დაწუნებული საარჩევნო რეფორმა. რეფორმა, რომელიც უნდა ყოფილიყო ევროკავშირის 9 დათქმის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯი, „ქართულმა ოცნებამ“ უკან გადადგმულ ნაბიჯად აქცია. სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ეუთო/ოდირის რეკომენდაციათა სრულად შესრულების გზით, ევროკავშირის მეოთხე, უმნიშვნელოვანესი დათქმაა. 
2023 წლის დეკემბერში, ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პირდაპირ მისცა საქართველოს გზამკვლევი, თუ რა არის მეოთხე დათქმის შესრულებისათვის აუცილებელი, რას მოელის ევროკავშირი საქართველოსგან.
2023 წლის ოქტომბერში, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზნადაც 12 რეკომენდაციის შესრულება და ევროკომისარ ვარჰეის შეფასების მხედველობაში მიღება გამოცხადდა. ვენეცეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა პროექტი, პრაქტიკულად,  ყველა ნაწილში უმწვავესად გააკრიტიკა . დასკვნაში დასახელდა ის მთავარი პრობლემური საკითხები, რაზეც „ლელო“ წელიწადზე მეტია ხმამაღლა საუბრობს, კერძოდ:
    ცესკოში არის ლეგიტიმაციის კრიზისი. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეს და წევრებს, რომლებიც ერთპარტიულად, ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმით, მოკლე ციკლით, 6 თვით იყვნენ არჩეულნი, უკვე წელიწადნახევარია უხანგრძლივდებათ უფლებამოსილების ვადა. ამგვარი გახანგრძლივება ეწინააღმდეგება ანტიჩიხური მექანიზმის მიზანს და ის დაუშვებელია. 
    ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იყოს ისეთი, როგორც განსაზღვრული იყო „შარლ მიშელის შეთანხმებით“, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უნდა აირჩენ პარლამენტის 2/3-ის უმრავლესობით და ანტიჩიხური მექანიზმით, რომელიც პოლიტიკური კონსულტაციებისთვის შესაბამის დროის მონაკვეთებს გულისხმობს.
    ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურათა პარლამენტისთვის წარდგენის უფლება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს ჩამოართვა და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაუმტკიცა, უნდა დაუბრუნდეს ისევ პრეზიდენტს.
    ამოღებული იქნეს რეფორმის პროექტიდან ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნება“ ჩვეულ სტილში შეეცადა, პროცედურული ხრიკების გამოყენებით, საარჩევნო რეფორმა მაქსიმალური სიჩუმით მიეღო. მთავრობის დამტკიცება შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემდა აქცენტის გადატანისთვის, რომ არა „ლელოს“ და ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევა. თუმცა, ხელისუფლება ძალმომრეობის პოლიტიკის გამოყენებით, ერთპარტიულად იღებს ყველაზე მრავალპარტიულად მისაღებ გადაწყვეტილებას, უგულებელყოფს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს და ასე ცდილობს არჩევნების წესების დადგენას და არჩევნების მიტაცებას. საარჩევნო წელიწადს ევროკავშირის მოთხოვნათა ფეხქვეშ გათელვა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რაც გულისხმობს ევროკავშირისაკენ გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან უმთავრესი ნაბიჯის უკან გადადგმას, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. ახალი კანონის მიხედვით, ცესკოში ერთადერთი ოპოზიციური კვოტა და თანამდებობა გაუქმდება. გარდა ამისა, ცესკოს საკითხებში ვეღარც საქართველოს პრეზიდენტი ჩაერევა.  

მსგავსი სიახლეები