ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში იყო შეცდომები და იყო ხარვეზები - კობახიძე Glamour-თან ინტერვიუში შეცდომებზე ალაპარაკდა
ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განვითრების ახალ საფეხურს მიაღწევს. მთავრობის ახალმა მეთაურმა ეს სიტყვები ჟურნალ Glamour-თვის მიცემულ ინტევრიუში თქვა. პარლამენტიდან მთავრობაში გადაბარგებული ივანიშვილის რჩეული შეცდომებზეც ალაპარაკდა.
ახლა უკვე პრემეირის რანგშიც, კობახიძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა უშეცდომო არ ყოფილა, მეტიც, კობახიძე ხარვეზებს პარტიის მუშაობაშიც ხედავს.
უშეცდომო არავინაა და ბუნებრივია, ამ რვა წლის განმავლობაში ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობაც ვერ იქნებოდა იდეალური. ნებისმიერ მთავრობას და პოლიტიკოსს ყოველთვის აქვს რესურსი, გააკეთოს იმაზე უკეთესი, რასაც აკეთებს.
იყო შეცდომები და ხარვეზები ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაშიც, თუმცა, მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი
შევიტანე საქართველოში პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვაში.პოლიტიკური თვალსაზრისით, ბოლო ორი ნახევარი წელი ყველაზე რთული იყო. 2021 წელს ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ხელოვნური
პოლიტიკური კრიზისი და შევინარჩუნეთ პოლიტიკური სტაბილურობა, ხოლო 2022 წელს, რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარებისა და რისკების მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება. რომ არა მშვიდობა და სტაბილურობა, 2021 წლიდან ეკონომიკა არ გაორმაგდებოდა. 2020-21 წლებში ჩვენი ოპონენტები რომ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, დღეს ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვექნებოდა.
ექსკლუზიურად გლამურისთვის მიცემულ ინტერვიუში კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგიი 50 პროცენტზე მეტია.
ჩვენ ვსტუმრობთ რეგიონებს, სადაც უკვე შევხვდით ჩვენი პარტიის 15000-ზე მეტ წევრს. დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია. ჩვენი რეიტინგი 50 პროცენტზე მეტია, რაც არჩევნებისთვის ძალიან კარგ სასტარტო პოზიციაზე გვაყენებს.
ჩვენი მიზანია არა მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის ამ მაღალი დონის შენარჩუნება, არამედ მისი შემდგომი გაუმჯობესება.