"ლეიბორისტული პარტია" წართმეული ქონების დასაბრუნებელ კომისიას ქმნის - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტია წართმეული ქონების დასაბრუნებელ კომისიას ქმნის", - ამის შესახებ განცხადება პირველმა ლეიბორისტმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მან ქართველ ოლიგარქს "წამგლეჯი" და "გადამგდები" უწოდა და განაცხადა, რომ მისმა რუსულმა პოლიტიკამ არაერთი ბიზნესმენი დააზარალა, ამიტომ კომისიის მიზანს დაზარალებული ბიზნესმენების მონაწილეობით ქვეყნისთვის წართმეულის დაბრუნება წარმოადგენს.
ყველას კარგად ახსოვს ოლიგარქის დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე, წართმეულის დაბრუნებაზე, სოციალური კეთილდღეობის დამყარებაზე. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ თვითონ მოგვევლინა წამგლეჯად, გადამგდებად, წამღლეტად და სოციალური უთანასწორობით ისეთი სისტემის შემქმნელად, რომელიც კაცობრიობის ისტორიას ჯერ არ უნახავს.
თქვენს წინაშეა მისგან დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც გახდნენ პირადად მისი მსხვერპლი, ან მისი რეჟიმის დაუოკებელი მადის მსხვერპლი. ბატონი ავთანდილ კვარაცხელია, ფაბრიკა ამირანის მფლობელი და ხელმძღვანელი, რომელიც უშვებდა პროდუქციას გმირთა მოედანთან, წაართვა საწარმო, აწყობილი, ფეხზე დამდგარი და იქ გვიშენებს ცათამბჯენების კომპლექსს. ბატონი როინ ნაჭყებია, სიამაყე ჩვენი. ბალახებისგან, მთის მცენარეებისგან უნიკალური წამლების დამამზადებელი, საწარმოს გამხსნელი, რომელიც შეიძლება, გამხდარიყო ჩვენი პასპორტი მსოფლიო ფარმაცევტულ სფეროში. წაართვეს ეს საწარმო, აუკრძალეს მუშაობა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის "ფარმადეპოს" პრობლემები და კონკურენცია არ შემქნოდა.
ლეიბორისტული პარტია ქმნის წართმეული ქონების დასაბრუნებელ კომისიას, მათ შორის დაზარალებული ბიზნესმენების მონაწილეობით და ხელისუფლების შეცვლისთანავე, ყველაფერი წართმეული დაუბრუნდება უკლებლივ სახელმწიფოსა და საზოგადოებას", - ამბობს ნათელაშვილი.