როგორ მივედით ნერგეეთის ტრაგედიამდე - ვის ხელშია ჩვენი სიცოცხლე?
როგორ მივედით ნერგეეთის ტრაგედიამდე? - ვის სამსახურებრივ გულგრილობას ემსხვერპლა ცხრა ადამიანის სიცოცხლე ბაღდათის რაიონში.
არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სოფელი ნერგეეთი მეწყერ საშიში ზონების რუკაზეა მონიშნული. (გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტი 2022 წელს შეადგინეს და 2023 წლის საფრთხეები განსაზღვრეს). სააგენტოს დოკუმენტი ყველა იმ რეგიონში იგზავნება, სადაც გეოლოგები საფრთხეებს განსაზღვრავენ. მათ შორის გაიგზავნა ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
ბაღდათის მერი, კახა ენუქიძე ამტკიცებს, რომ დოკუმენტი, სადაც სოფელი ნერგეეთში მეწყრის მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი ბუნებაში არ არსებობს. დოკუმენტებში კი რომელიც "შაბათის ეთერმა" გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა, ნამდვილად წერია, რომ სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეა და პროცესები 2023 წელს განვითარდება თუ უხვი ნალექი მოვა.
- ვის ევალებოდა მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა?
სოციალური სამსახურის უფროსი "ტვ პირველის" კამერას თავდაპირველად დაემალა. მარეხი მშვენიერიაძე ჯერ ოთახში ჩაიკეტა, იქიდან გამოსულმა კი "შაბათის ეთერის" გუნდს უთხრა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიში, სადაც წერია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საშიში ზონაა მათ შორის ნერგეეთში მერიაში არავის გაუგზავნია.
თემაზე მუშაობისას "შაბათის ეთერის" მიერ დასმულ ერთ კონკრეტულ კითხვაზე შესაბამისმა უწყების წარმომადგენლებმა სხვადასხვა პასუხები გასცეს: ჯერ გვიხრეს რომ დოკუმენტი არ არსებობს, შემდეგ გვითხრეს, რომ დოკუმენტი მათ არ მიუღიათ, ბოლოს კი გვითხრეს, რომ შესაძლოა სხვა სამსახურმა მიიღო, რომელმაც ხალხი ალბათ გაფრთხილა.
ის, რომ ხელისუფლებამ გარემოს ეროვნული სააგენტოს განსაზღვრული საფრთხეების შესახებ იცოდა, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ფოტომასალითაც დასტურდება. მას შემდეგ რაც სპეციალისტებმა მეწყერ საშიში ზონების შესახებ ანგარიში მომზადეს, ცხრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და ყველას უთხრეს, ვის რა საფრთხე ემუქრებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი რომელსაც ეს თანამდებობა ათ წელზე მეტია უკავია, ამ ინტერვიუში არ აკონკრეტებს რომელი რეგიონების მოსახლეობა გააფრთხილეს, თუმცა ფაქტია, რომ ნერგეეთში არავინ არაფერი იცოდა. 7 თებერვალს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ყველა შეშინებულია.
როგორ მივედით ნერგეეთის ტრაგედიამდე - ყველა დეტალი ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში