ჩუმად აშენებული ოფისი "ქართული ოცნებისთვის" - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება
ორთაჭალა, გორგასლის 20 ნომერი - 2024 წლის შემოდგომიდან, ანუ ქვეყანაში რომ გადამწყვეტი არჩევნების აჟიოტაჟი იქნება, "ქართული ოცნება", ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადასვლას გეგმავს. ძველი თბილისი, როსტომ მეფის სასახლე, ივანიშვილის პარტიის მისამართი აღარ იქნება. "შაბათის ეთერის" გუნდმა დაადგინა, რომ პარტიის ოფისი ძალოვნების კვარტალში გადადის.
მუშებმა უკვე იციან, რომ ამ შვიდსართულიან შენობას სააქტო დარბაზით, ქართული ოცნებისთვის აშენებენ. პარტიის ოფისი ძალოვანი უწყებების ალყაში იქნება. "ოცნებასა" და კრიმინალურ პოლიციას საერთო ღობე ექნებათ.
8 სართულიან თანამედროვე ნაგებობას, სადაც მმართველი პარტიის ოფისი უნდა განთავსდეს, შპს ნიუ ოფისი აშენებს, მისი მფლობელი და დირექტორი დავით ანდღულაძეა.
ანდღულაძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" შენობას აქამდე შორიდან აკვირდებოდა, თუმცა მოლაპარაკებები, პარტიის ოფისის აქ გადმოტანასთან დაკავშირებით მხოლოდ სამი თვის წინ დაიწყეს.
მმართველი პარტიის რიგებიდან შაბათს ეთერს კონფიდენციალურად აწვდიან ინფორმაციას, რომ ამ შენობის ჯერ კიდევ პროექტირების დროს, 2023 წლის გაზაფხულზე, უკვე წინასწარ იყო ცნობილი, რომ აქ პარტია "ქართული ოცნების" ოფისი განთავსდებოდა და შესაბამისად, შენობაც პარტიის საჭიროებების მიხედვით დაპროექტდა.
პროექტის მიხედვით-
- ეზოში იქნება 208 კაციანი სააქტო დარბაზი, რაც იმას ნიშნავს რომ ყრილობის ჩასატარებლად, სხვა სივრცეში წასვლა ქართულ ოცნებას აღარ მოუწევს. კანონის თანახმად, პარტიის რიგგარეშე ყრილობას, რომელიც ბოლო ერთ თვეში ოცნებამ უკვე ორჯერ, ოლიგარქის სასტუმროში ჩაატარა, მინიმუმ 200 დელეგატი უნდა ესწრებოდეს, რისთვისაც ახალი ოფისის დარბაზი საკმარისია. დარბაზი ძირითად ნაგებობას ხიდით უკავშირდება, ჩვენს ყურადღებას შენობის მეექვსე სართული იქცევს, სადაც როგორც ჩანს, პარტიის თავმჯდომარის კაბინეტი უნდა იყოს. მხოლოდ ამ სართულზე აქვს კაბინეტებს მოსასვენებელი ოთახები, და დახურული ტერასები. ეს კაბინეტი სავარაუდოდ კობახიძისთვის მზადდებოდა, თუმცა აქ ალბათ ახლა ან ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი ღარიბაშვილი დაიდებენ ბინას.
- ერთი სართულით ზევით იქნება ოთახი პოლიტსაბჭოსთვის, რადგან პროექტში დახაზულია როგორი უნდა იყოს სათათბირო სივრცე - მრგვალი მაგიდა, რკალისებურად განლაგებული მონიტორებით, ძალიან ჰგავს როსტომ მეფის სასახლეში არსებულ იმ სივრცეს, სადაც ამ დრომდე, პოლიტსაბჭოს სხდომები იმართებოდა.
შენობა არქიტექტორ გიორგი ჭყონიას დააპროექტებინეს. როგორც ჩანს, დიდი ფული იხარჯება ფასადზეც. ვიტრაჟებს შორის 45 გრადუსიანი ჭრის დეკორატიული კედლებია, რომელიც კერამიკული ფილებით უნდა მოპირკეთდეს. 7 მიწისზედა და 1 მიწისქვეშა სართული განაშენიანების ფართით, 11 ათას კვადრატული მეტრი, ოლიგარქის პარტიისთვის მზადდება.
რატომ უმალავდნენ პარტიის წევრებსაც კი რომ, ქართული ოცნება ძალოვანების კვარტალში გადადის? - წყარო მმართველი გუნდიდან ყვება, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ივანიშვილის პარტიაში ფიქრობენ, როგორ გაათეთრონ მათ ბალანსზე ასეთი მასშტაბის მრავალმილიონიანი ქონების გაჩენა. კანონი პარტიას ასეთი საჩუქრის მიღების უფლებას არ აძლევს.
საიდან მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" მილიონები ახალი პოლიტიკური რეზიდენციისთვის? - საბუთებში 1 ლარის ხარჯიც არ ჩანს, არის თუ არა ეს ხარკი, რომელსაც ბიზნესი ირაკლი კობახიძის მმართველობის დროს "ქართულ ოცნებას" უხდიდა?
ვრცლად, მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში