მოსკოვი "ოცნებას" ისევ აქებს და საქართველოსთან ურთიერთობების "ნორმალიზებას" აანონსებს

12.02.24 14:56
მოსკოვი "ოცნებას" ისევ აქებს და საქართველოსთან ურთიერთობების "ნორმალიზებას" აანონსებს

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაშიც კი რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობას გეგმავს. ამის შესახებ პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა.

რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობებს, როგორც ვიცით, ისინი 2008 წელს გაწყდა [მიხეილ] სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობა, - განაცხადა გალუზინმა. 

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების "პოზიტიურ დინამიკაზეც". გალუზინმა "ოცნების" მმართველობა კიდევ ერთხელ შეაქო და თქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული რთული პერიოდი საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული მიდგომების წყალობით დაძლეულია. უმაღლესი დიპლომატის მტკიცებით, ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

„საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, დაძლეულია. რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო ჩვენს ხალხებს შორის კომუნიკაციის პირობებს, ხელი შეუწყო ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების გააქტიურებას და სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებას“, - აღნიშნა გალუზინმა.

 

მსგავსი სიახლეები