დაკავების სერია არჩევნების წინ - ვის გაწირავენ?
დაკავების სერია არჩევნების წინ - "ქართული ოცნება" სახელგატეხილი ჩინოვნიკების ციხეში გაშვებასაც არ გამორიცხავს. დღეს პირველად თქვეს, რომ შესაძლოა, იყოს დაპატიმრებებიც. ახლა ცენტრალური კითხვაა, ვის გაწირავენ?
მმართველი პარტია ხვდება, რომ ამდენი კორუფციული სკანდალით ხელისუფლებაში დარჩენის შანსიც კი არ აქვს. ივანიშვილის დაანონსებული ბრძოლა კორუფციასთან ჯერ მხოლოდ სკანდალში გახვეული ჩინოვნიკების გადამალვით შემოიფარგლება, ვისაც ხსნიან, ნიშნავენ სხვაგან. გაშვებულების გაბრაზება და მათი ალაპარაკება "ოცნებას" არ აწყობს, რადგან სავარაუდოდ, რასაც იპარავდნენ მხოლოდ მარტო მათ არ მიჰქონდათ.
განსაკუთრებით დაკვირვების ქვეშ არის თავდაცვის სამინისტრო. შიდა შემოწმების სამსახურის თანამშრომლებმა ახალ მინისტრს უკან დასახევი გზა მოუჭრეს. ვინც ამოწმებდა ჯარის კვებას და ჯარის სამოსს მზად არიან, ირაკლი ჩიქოვანს ფაქტები დაუდონ, როგორ აიძულებდნენ, უვარგისზე დაეწერათ, რომ კარგია.
ირკვევა, რომ მატლიანი და ვადაგასული საკვები ჯარში ზღვაში წვეთია, რაც მონიტორინგის სამსახურს აქვს გამოვლენილი. ახლა სასამართლო დავის რეჟიმში მყოფი თანამშრომლები აანონსებენ, რომ მომავალ პროცესზე უფრო ხმაურიან ფაქტებს დადებენ, ვიდრე ორი თვის წინ "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა. ახლა უკვე თავდაცვის ახალი მინისტრის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, გამოიძიებს თუ არა ჯარის ფულით გამდიდრებს ფაქტებს
რა ბერკეტები შეუძლია გამოიყენოს ჩიქოვანმა - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი