ომბუდსმენი მთავრობას ომის ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციების შეცვლისკენ მოუწოდებს

13.02.24 11:07
ომბუდსმენი მთავრობას ომის ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციების შეცვლისკენ მოუწოდებს

12 თებერვალს ომბუდსმენმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ.

გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მოცემულ საკითზე მსჯელობისას საქმე გვაქვს ისეთ სოციალურ კატეგორიასთან, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და აღნიშნული გასაცემლების ერთობლივი გაცემის შესაძლებლობის შემოღება სახელმწიფოს არ დააწვება მნიშვნელოვან ტვირთად. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2023 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობს:

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი - 178 პირი;
  • სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი - 99 პირი;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი - 3136 პირი;
  • თავდაცვის ძალების ვეტერანი - 183 პირი.

სოციალური პაკეტით სარგებლობს:

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი - 4 პირი;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი - 843 პირი;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი - 22 442 პირი;
  • თავდაცვის ძალების ვეტერანი - 843 პირი.

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა მთავრობას - განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა ერთდროულად ისარგებლონ, როგორც სოციალური პაკეტით, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ.

მსგავსი სიახლეები