ერგნეთის შეხვედრა- სუს-ი ტატუნაშვილის მკვლელის პროკურორად დანიშვნას არ გააპროტესტებს

13.02.24 11:42
ერგნეთის შეხვედრა- სუს-ი ტატუნაშვილის მკვლელის პროკურორად დანიშვნას არ გააპროტესტებს

რა რეაქცია ექნება არჩილ  ტატუნაშვილის მკვლელის პროკურორად დანიშვნაზე "ქართულ  ოცნებას?" - საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ციხის ნაცვლად დავით გურწიევს ოკუპირებული ახალგორის  პროკურორის პოსტზე ნიშნავს. არადა,  გურწიევს მცხეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა რამდენიმე წლის წინ მიუსაჯა. 

საქართველო კი მის გადმოეცემა  წლებია უშედეგოდ ითხოვს. 

2-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 117-ე შეხვედრა იწყება, თუმცა გაირკვა, რომ დავით გურწიევის ე.წ. პროკურორად დანიშვნას ქართული მხარე არ დააყენებს. 

თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი, ვინაიდან გვსურს მოვისმინოთ რა ღონისძიებები გატარდა მკვლელების მიმართ, - თქვა მედიასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. 

მისი თქმით,  სუს-ი ასევე მოითხოვს უპირობოდ გათავისუფლდეს საქართველოს 5 მოქალაქე, რომელიც ცხინვალის ციხეშია. 

დავით გურწიევთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის ცნობილი წლების განმავლობაში. ეს პიროვნება გახლავთ ძებნილი წითელი ცირკულარით და მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია", - თქვა ანთაძემ.

გურწიევს არჩილ ტატუნაშვილის წამება ედება ბრალად. ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც გურწიევს უკავშირდება, დავით ბაშარულის საქმეა. საბინაო კომუნალური მეურნეობის 18 წლის მუშაკი შსს-ს ადგილობრივ განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ გაუჩინარდა. მილიცია მაშინ ერთ-ერთი მოსახლის ფარდულიდან რამდენიმე ქილა მწნილის მოპარვის საქმეს იძებდა. ახალგაზრდას ნახევარი წლის განმავლობაშ ვერ პოულობდნენ, რის შემდეგაც საქმეში ქართული პოლიცია ჩაერთო. 2015 წლის თებერვალში კი დავით ბაშარულის ცხედარი მშობლიურ დოლიანში, ხეზე ჩამოკიდებული ნახეს. მომხდარის ოფიციალურ ვერსიად თითმვკლელობა დასახელდა.

არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევის მსგავსად, ბაშარულის ცხედარიც ექსპერტიზაზე რუსეთში გაიგზავნა, რის შემდეგაც ის ქართულ მხარეს გადაეცა. 

საქართველოს გამოძიებამ ბაშარულის ოჯახის წევრების ვარაუდი დაადასტურა და თქვა, რომ ახალგაზრდას თავი არ მოუკლავს. 

მსგავსი სიახლეები