ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე აღარ მიკვირს, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს - კახიანი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი კახიანი საქართველოს პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები აღარ უკვირს.
მისივე თქმით, ის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის განხორციელებაზე მთავრობის მხრიდან თანხმობა არ ექნება გასაკვირი არ არის, რადგან პრეზიდენტი სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან.
„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები მე უკვე აღარ მიკვირს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებითაც კი მან უკვე ჩაიდინა არაკონსტიტუციური ქმედებები და ამას აგრძელებს. ის, რომ მას არ ექნება თანხმობა მთავრობის მხრიდან, არც ეს არის გასაკვირი იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ხედვასთან. როდესაც ქალბატონი სალომე სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ტრიბუნიდან საუბრობდა, მე წარმოდგენა მქონა, რომ ოპოზიციის რომელიღაც წარმომადგენელი საუბრობდა იმიტომ, რომ სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს. მე არ მიკვირს მისი ასეთი ქმედებები, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში“, - განაცხადა კახიანმა.