სად არის რეკონსტრუქცია?! რომ გათიშეს საიტი? - მდინარაძე გახარიას განკარგულებების დამალვაში ადანაშაულებს
"გახარიას გადაწყვეტილებით, ეს ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა, შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა სამწუხაროდ," - ამ განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აკეთებს და გახარიას პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებს ეხმაურება.
მდინარაძე ამბობს, რომ გახარიას პრემიერობის დროს განკარგულებები "დაიმალა" და მოტივად საიტის რეკონსტრუქცია იყო დასახელებული.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა „ნაცი“, „ნაცმედია“ და გახარიები ერთად ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის და დღეს, კობახიძის ამ გადაწყვეტილების შემდგომ, აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობისას და მის მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება რეკონსტრუქციის მოტივით. ახლა დაუსვით ერთი კითხვა ან მე დავუსვამ აქედან რიტორიკულ კითხვას - სად არის რეკონსტრუქცია?! რომ გათიშეს საიტი, შესაბამისი გვერდი და ფანჯარა და რეკონსტრუქცია დააწერეს, რამდენი წელი გავიდა, ვინმემ დაიწყო რეკონსტრუქცია?! სად არის რეკონსტრუქციის შედეგი, ერთი წარწერა მაინც შეიცვალა?! არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, ეს ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა, შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა სამწუხაროდ. ახლა, დღეს ითხოვენ და რამდენად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა - ამას ერთი თითის „დაწკაპება“ არ შველის, მთელი სისტემატიზაცია სჭირდება ამდენი წლის გადაწყვეტილებების ატვირთვას, ეს არაა ერთი კვირის და ერთი თვის საქმე და ახლა თურმე ერთ დღეში ვიღაცა უნდა ადგეს და 3 წლის გადაწყვეტილებები ერთად ატვირთოს. რამდენიმე თვე ამაზე ააგებენ პიარს," - ამბობს მდინარაძე.