ფსევდო ანტიკორუფციული ბიურო „ოცნებამ“ ერთგვარ ლეღვის ფოთლად შექმნა - საბა ბუაძის ბრიფინგი

14.02.24 12:20
ფსევდო ანტიკორუფციული ბიურო „ოცნებამ“ ერთგვარ ლეღვის ფოთლად შექმნა - საბა ბუაძის ბრიფინგი

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს განკარგულებები, რომელიც 3 წლის განმავლობაში იმალებოდა - ამის შესახებ  პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მმართველ პარტიას მოუწოდა, შეწყვიტოს საპარლამენტო პროცესის ობსტრუქცია და განსახილველად გამოიტანოს ჯერ კიდევ 3 წლის წინ „ლელოს“ ინიციირებული კანონპროექტის ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ. 

ოპოზიცია მოითხოვს, სასწრაფოდ დაინიცირდეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების ჩართულობით წლების წინ მომზადდა.

გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ ფასადურ ნაბიჯებს, რომლებსაც "ქართული ოცნება" დგამს კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძე და მთავრობის უცვლელი შემადგენლობა არიან თანამზრახველები ყველა იმ კორუფციული გადაწყვეტილების, რომელიც მიიღებოდა და მიიღება ირაკლი ღარიბაშვილის დროს და მთლიანად ივანიშვილის მმართველობის პირობებში. ყველა ამ გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე პარლამენტიდან უნთებდა მწვანე შუქს და მეტიც, პირდაპირ ახდენდნენ ობსტრუქციას იმ ანტიკორუფციული ნაბიჯების, რომლებსაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვდგამდით.

მათ ჩააგდეს ანტიკორუფციული-საგამოძიებო კომისიის შესახებ კენჭისყრა და არ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ გამოგვეძიებინა და ხალხს გაეგო იმ კორუფციული სქემების შესახებ, რომელიც ძალიან მრავლად არის დაგროვილი.

მათ სამი წლის განმავლობაში 8-ჯერ გადადეს "ლელოს" მიერ ინიცირებული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ზუსტად ეხმიანება ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

შესაბამისად, ამ ფასადური ნაბიჯების მიღმა, აუცილებელია შემდეგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ გამჭვირვალობის გარემო გაუმჯობესდეს ამ ქვეყანაში, რაც თავის მხრივ არის კორუფციის თვალსაზრისით ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მბოჭავი.

პირველი, უნდა მოხდეს წლების განმავლობაში გახარიასა და ღარიბაშვილის დროს დამალული მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება და ეს არის ის მთავრობის განკარგულებები, რომლებითაც მაგალითად, ივანიშვილისთვის ხდებოდა საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება, ხდებოდა პირგასამტეხლოების შემცირება, ხდებოდა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ადამიანებთან და ეს არის წლების განმავლობაში კარგად ჩამოყალიბებულიო პრაქტიკა და საქართველოს მთავრობა, ნაცვლად ქართველი ხალხის ინტერესების დაცვისა, სწორედ ასეთი კორუფციული საქმიანობით იყო დაკავებული, რაც ზუსტად არის ასახული ამ მთავრობის განკარგულებებში.

შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ განკარგულებების გამოქვეყნება, ასევე უნდა მოხდეს ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განსახილველად გამოტანა პარლამენტში და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, შეადაროს ის ფსევდო ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც "ოცნებამ" შექმნა რაღაც ერთგვარ ლეღვის ფოთლად და მეორე მხრივ, ჩვენ მიერ და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებული მოდელი, რომელიც რეალურად აღჭურვილი არის საგამოძიებო ფუნქციით და დაკავებული უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაინიცირდეს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი. ეს არის მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც თავის დროზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა. ასევე მივმართავთ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ გამოაქვეყნოს იმ თანამდებობის პირების სახელები და გვარები, რომელთა ოჯახის წევრებიც დასაქმებულები არიან ამ ბიუროში, რაც თავის მხრივ, ისედაც მიზერულ ნდობას ამ უწყების მიმართ კიდევ უფრო მარგინალიზებას უკეთებს და რეალურად, ამ უწყებას წარმოაჩენს, როგორც "ქართული ოცნების" ფასადურ უწყებას", - ამბობს ბუაძე.

მსგავსი სიახლეები