ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ - სანაპიროზე ჩამსვლელ გზაზე დამატებითი ზოლი მოეწყობა
გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელ გზაზე დამატებითი სამოძრაო ზოლი მოეწყობა - მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს.
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
საკითხი დღეს გავა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, უახლოეს მომავალში კი საკრებულოში გაიგზავნება.
"გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი, რომელიც ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დღეს დედაქალაქში. კონკრეტულად ეს არის ლაგუნას მიმდებარე ტერიტორია. ამ პროექტთან დაკავშირებით, როგორც იცით, გასულ წელსაც ვმუშაობდით ჩვენ, დავამუშავეთ სხვადასხვა სქემები, ასევე გაკეთებული გვქონდა ვიდეო მოდელირებაც, თუ როგორ შეიძლებოდა აღნიშნულის მოწესრიგება. ბევრი მიმართულებით მიმდინარეობდა განხილვა, იყო საუბარი შუქნიშნის დამონტაჟებაზე, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, თუმცა პრობლემა ვერ გვარდებოდა ისე, როგორც იყო საჭირო. აღნიშნული საკითხის შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა", - თქვა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, როგორც კი საკრებულო გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, პროექტის დამატებითი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
„თბილისში, სხვადასხვა არეალში გამოვყოფთ მიწის ნაკვეთებს, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. უახლოეს პერიოდში გაიგზავნება ეს საკითხი დედაქალაქის საკრებულოში გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცვლეობის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟს დავიწყებთ. ამის შემდეგ კი კონკრეტული პროექტი განხორციელდება, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების გატარებას უზრუნველყოფს. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უკვე აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო კვანძის პროექტზე, რომელსაც მოსახლეობას გავაცნობთ. მადლობა მფლობელებს თანამშრომლობისთვის, შეთანხმება მიღწეულია, მოხდება ადგილმონაცვლეობა, განხორციელდება ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და შესაბამისად, კონკრეტული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ნაკადების გატარებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.