ცესკოს დაკომპლექტების წესი - TI "ოცნებას" კანონპროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მმართველ პარტიას უკან დახევას ურჩევს - გავლენიან ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ცესკოს ახალი წესებით დაკომპლექტება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
მესამე სექტორის წარმომადგენლები "ოცნებას" ურჩევენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცესკო ერთპარტიული ორგანო გახდება და დამოუკიდებლობას სრულად დაკარგავს.
თუ "ოცნება" სადავო კოდექსს მესამე მოსმენით მაინც მიღებს, გამჭვირვალობაში ფიქრობენ, რომ კანონს ვეტოო პრეზიდენტმა უნდა დაადოს.
TI-ის დირექტორი, ეკა გიგაური "პირველებთან" იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა, კოდექსის მესამე მოსმენით დამტკიცებამ გამოიწვიოს და აცხადებს, რომ ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტება არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვისა და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.
ეს ცვლილებები ეწინააღმდეგა ეუთო ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვთხოვთ პარლამენტს, რომ შეაჩეროს ამ კანონპროექტის მიღება და ასევე ვთხოვთ, რომ რეალური ცვლილებები და რეალური რეფორმები ჩაატარონ საარჩევნო მიმართულებით", - ამბობს ეკა გიგაური.
იურისტი ალექსანდე ბარამიძე "ოცნებას" ვენეციის კომისიის და ოდირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზედმიწევნით გათვალისწინებული არ იქნება 9 დათქმა, საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოება შეუძლებელი გახდება.
ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები სავალდებულოა, რომ გათვალისწინებულ იქნება ევროკომისიის იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომლითაც ჩვენ გასული წლის ბოლოს მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ერთ-ერთი დათქმა ცრათაგან იყო ოდირის რეკომენდაციების შესრულება. ოდირის და ვენეციის რეკომენდაციები არ შესრულებულა. არ მგონია, რომ ამ გარემოებამ ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის პროცესს", - თქვა ბარამიძემ.
ცნობისთვის, ცვლილებების დასამტკიცებლად 90 დეპუტატის ხმა იქნება აუცილებელი, თუმცა თუ საჭირო ხმების რაოდენობის აგროვება ვერ მოხერხდება, "ოცნება" 76 ხმით შეძლებს, ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, მმართველ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კომისიის სასურველი წევრები აირჩიოს.