ოპოზიციამ კალაძეს სასამართლო დავა მოუგო - ხევძმარის ხეობაში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა შეჩერდება

15.02.24 11:39
ოპოზიციამ კალაძეს სასამართლო დავა მოუგო -  ხევძმარის ხეობაში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა შეჩერდება

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კახა კალაძეს სასამართლო დავა მოუგო - თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ გლდანში, ხევძმარის ხეობაში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა შეჩერდეს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საგანგებო ბრიფინგზე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახთა შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მათ არა საცხოვრებელი სახლები, არამედ გლდანის რაიონში ხევძმარის ხეობა გადასცა, სადაც ცხოვრება პრაქტიკულად საფრთხეს წარმოადგენს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თბილისის მერს მოუწოდა, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები და დროულად იმოქმედოს დაზარალებულთა დასახმარებლად.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი, რომელიც ეხებოდა კახი კალაძის მორიგ  მავნებლურ მშენებლობას თბილისში. კერძოდ, საქმე ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 116 ოჯახს. ოჯახებს, რომლებიც სახელმწიფომ აღიარა დაზარალებულად და 30 წელზე მეტია ელოდებიან საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას.

კორუფციულმა "ქართულმა ოცნებამ" გამოძებნა საუკეთესო ტერიტორიები ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ნოშრევან ამორაძისთვის, "ოცნების" ოფისისთვის, მათი ახლობლებისთვის და ბევრი შემომწირველისთვის, მაგრამ დაზარალებულებისთვის გაიმეტა მხოლოდ გლდანში, ხევძმარის ხეობაში, 116 ათას კვადრატული მეტი კოლექტორზე. ეს მშენებლობა ხევძმარის ხეობაში, ერთი მხრივ, აზიანებს და რისკის ქვეშ აყენებს ადამიანებს და მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება თბილისის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის, გენერალური გეგმის უმთავრესს პრიორიტეტს, მწვანე ქალაქის კონცეფციას, რომელიც გულისხმობს მცირე მდინარეების გახსნას და მათ გარშემო მწვანე და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-განვითარებას.

მივმართავთ კახი კალაძეს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადაცემულ იქნას ამ ადამიანებისთვის არა ხევძმარის ხეობა, არამედ უსაფრთხო ტერიტორია, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და არა შიშის ქვეშ. ასევე, ბატონი კახი, მოგმართავთ, რომ ფუნქციური ზონის ცვლილება არ ნიშნავს ფუნქციის შეცვლას. მდინარე კოლექტორში იქნება მომწყვდეული, თუ კოლექტორს გარეთ, არის მდინარე და შესაბამისად ის ფუნქციური სარეკრეაციო ზონა, რომელიც საკრებულოზე იქნა გამოტანილი 2019 წელს და მოეხსნა ამ ტერიტორიას, დაუბრუნეთ ხენძმარას ხეობას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და განავითარეთ ფუნქციის შესაბამისად. ის არის რელიეფურად ხეობა და უნდა განვითარდეს მოსახლეობისთვის სარეკრეაციო ზონად და არა მშენებლობისთვის იქნას გამოყენებული", - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.

მსგავსი სიახლეები