ვის თავში იხარშება ეს აზრები, რუსეთი არ გვეხმარება! - ბერიძე
"ქართული ოცნება" უარყოფს კრემლის მიერ ცხინვალისთვის ახალი დირექტივის მიცემას და მომხდარს აბსურდს უწოდებს - უმრავლესობის წარმომადგენელი, რიმა ბერიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
მისი მტკიცებით, მოსკოვი "ოცნებას" არჩევნების გასამარჯვებლად არასდროს დახმარებია, რადგან კრემლის ინტერესს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული პარტია არ წარმოადგენს.
რა "ქართულ ოცნებას" რუსეთი ეხმარება. გამორიცხულია. "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ საიდან მოიტანეთ რუსეთის დახმარება. ვის თავში იხარშება ეს აზრები", - ამბობს რიმა ბერიძე.
ცნობისთვის, მოსკოვმა ცხინვალს ახალი დირექტივა მისცა. კრემლი საოკუპაციო რეჟიმისგან ნაკლებ სკანდალებს ითხოვს. დირექტივის მიხედვით, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას დაევალა, ე.წ. საარჩევნო კამპანია იმგვარად ჩაატაროს, რომ ქართულ ოპოზიციას კრიტიკის მიზეზი არ დაუტოვონ.
გამოცემა "ეხო კავკაზის" ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი წინასაარჩევნო დებატებში ე.წ. საზღვრის საკითხის გადახედვისა და რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის საკითხს არ გააჟღერებენ.
"ქართული ოცნების" ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ კრემლისთვის "ქართული ოცნების" გამარჯვება ხელსაყრელი მოცემულობაა.
მაგალითად, "ლელოს" შეფასებით, მმართველი პარტია რუსეთისა და კრემლის ინტერესებს ემსახურება და კრემლი ივანიშვილის გუნდის მხარდაჭერითაა დაინტერესებული.