"ოცნება" არჩევნების წელს, ბიზნესისგან მიღებული 11 მილიონით იწყებს
"ქართული ოცნება" არჩევნების წელს, ბიზნესისგან მიღებული 11 მილიონით იწყებს. კორუფციის მკვლევრებმა პარტიების საჯარო ფინანსური დეკლარაციები შეისწავლეს. ირკვევა, რომ ოპოზიციური პარტიების ანგარიშები გამოცარიელებულია, "ოცნებას" კი ბიზნესიდან რეკორდულად დიდი თანხები აქვს მიღებული.
მთელი ეს ფული მმართველმა პარტიამ ანგარიშზე მოაგროვა და 11 მილიონი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად უკვე აქვს. ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი და საბიუჯეტო დაფინანსებაც.
- 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, "ქართული ოცნების" საბანკო ანგარიშზე 11 მილიონი ლარი და 13 000 ამერიკულ დოლარზე მეტი იდო. ეს იმ ფონზე როცა ოპოზიციურ პარტიებს ჯამში ერთად ანგარიშებზე 100 000 ლარიც კი არ აქვთ.
- 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, "ლელოს" ანგარიშზე 350 ლარამდეა
- "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე ნაშთის სახით ანგარიშზე დაახლოებით 3 000 ლარი იყო
- "ევროპული საქართველოს" ანგარიშზე - 28 000 ლარი
- "ლეიბორისტული პარტიის" ანგარიშზე მხოლოდ 12 ლარი
კორუფციის მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნები სამართლიანი არ შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც მთელი რესურსი "ქართულ ოცნებასთან" მიდის, რადგან ბიზნესი შეშინებულია და და თავს არიდებს, ოპოზიციურ პარტიებს ფული შესწიროს.
"ქართულ ოცნებას" რა თანხაც აქვს ეს არის 11 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს, ერთად აღებული ყველას, ამ თანხის ერთი პროცენტიც კი არ აქვთ ანგარიშზე. ბიზნესმენი დღეს ოპოზიციურ პარტიებს ვერ აფინანსებს, რადგან ეშინია "ქართული ოცნების". სახელმწიფოსი ეშინია, რადგან "ოცნებას" სახელმწიფო მიტაცებული აქვს და შეიძლება, მასზე განხორციელდეს გარკვეული ფინანსური სანქციები", - ამბობს ბესო დონაძე.