"რუსული ოცნება ვერ გაგვაჩერებს და შეგვაშინებს" - "ლელო"
"რუსული ოცნება ვერ გაგვაჩერებს და შეგვაშინებს " - ასეთია "ლელოს" პასუხი "ქართული ოცნების" ლიდერების თავდასხმებზე, რომელიც დილიდან ისმის.
ანა ნაცვლიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ "ოცნებას" პანიკაში აგდებს აზრი, რომ არჩევნების გზით ივანიშვილი და მისი რუსული პარტია დაკარგავს ხელისუფლებას.
"ქართული ოცებისგან განსხვავებით, ჩვენ ვემსახურებით ამ ქვეყანას. მათ პანიკაში აგდებთ ის აზრი, რომ სწორედ დემოკრატიული მექანიზმით, არჩევნების გზით ივანიშვილი და მისი რუსული პარტია დაკარგავს ხელისუფლებას. ერთადერთი ქართული ანდაზა შეესაბამება კარგად - ქურდს ქუდი ეწვისო, როგორც კი შეახსენებ თავიანთ რუსულ ბუნებას და რუსულ მიზნებს, ძალიან ავები და უკონტროლოები ხდებიან"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
"ქართული ოცნების" თავდასხმა "ლელოზე" დილიდან შალვა პაპუაშვილის განცხადებით დაიწყო და დედაქალაქის მერმა გააგრძელა.
„ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებებს, თუნდაც პარტია „ლელოდან“, მისი დამფუძნებლების მხრიდან, რომ საოცარია. მუქარებით, ამ განცხადებებით ჩანს, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა. ვიცით ხაზარაძეების და ვიღაცების წარსული, ვიცით რით იყვნენ დაკავებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ისეთ სიბინძურეს კადრულობდა და აკეთებდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პაპუაშვილმა "ლელოს" ორ პროცენტიანი პარტიის ლიდერი უწოდა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ".
"ქართული ოცნების" წევრებმა "ლელოს" ლიდერს ბანდიტური საქართველოს დროინდელი გამდიდრებული ბიზნესმენი უწოდეს. "კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.