ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? - ვაშაძე ღარიბაშვილს
საშინელი სიძულვილის ენა, არანაირი სინანული, არაფერი ხალხის გასაჭირზე, ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას.
ვაშაძის თქმით, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე და მთლიანად ივანიშვილის პარტია სრულად მოწყვეტილია რეალობას, ხალხს და მათ ერთადერთი რამე აწუხებთ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება.
ვაშაძე ამბობს, რომ ხსნა გადამწყვეტ არჩევნებშია და სწორედ 2024 წლის არჩევნებზე უნდა უთხრას მოსახლეობამ ივანიშვილს და მის პარტიას, რომ ეს ქვეყანა მათი არ არის.
ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას შესაბამისი შეფასება ექნება საზოგადოებისგან.
ალბათ თქვენთვისაც ძალიან მძიმე იყო მოსასმენად ირაკლი ღარიბაშვილი, ისევე როგორც ჩემთვის. საშინელი სიძულვილის ენა, საშინელი რიტორიკა, რომელიც მისგან მოდის. არაფერი იმაზე, რაც ხალხს უჭირს, როგორ აპირებენ სამუშაო ადგილების შექმნას, როგორ აპირებენ უპასუხონ იმ ადამიანებს, ვინც იძულებულია ქვეყნიდან წავიდეს, არანაირი სინანული იმასთან დაკავშირებით, რაც ხალხს ნამდვილად აწუხებს, მხოლოდ სიძულვილი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ეს ადამიანები: ღარიბაშვილი, ივანიშვილი, კობახიძე, მთლიანად ივანიშვილის პარტია სრულად მოწყვეტილია რეალობას და ხალხს, მათ ერთადერთი რამე აწუხებთ,როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება, რომ გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა.
არ აწუხებთ არც უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, დემოგრაფიული კატასტროფა, კატასტროფული მიგრაცია, ერთადერთი, რაც აწუხებთ, არის ის, თუ როგორ შეინარჩუნებენ ქვეყნის ძარცვის უფლებას, სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანაა ყველანი გავერთიანდეთ, არ შეიძლება ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებთაც ხალხთან სრულად გაწყვეტილი აქვთ ურთიერთობა, არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვთ, სინანული არ გააჩნიათ იმის გამო, რაც ქართველ ხალხსა და ამ ქვეყანას დამართეს. რეგონებში უნდა წავიდეო, ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო?
აი, მაგალითად ქუთაისში რომ ჩახვალ, ქალაქი დაცლილია, ქუთაისელებს რა უნდა უთხრა, ვისი ბრალია ეს ყველაფერი? არ უნდა ისაუბრო, თუ რატომ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში? რატომ უწევთ გასვლა ქვეყნიდან? ან მაგალითად, ზუგდიდში რომ ჩახვალ, რა უნდა უთხრა ზუგდიდელებს? ისევ ხალხი უნდა დააპირისპირო ერთმანეთს? ან კახეთში, ნებისმიერ რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთში, თუნდაც თბილისში რომ დაელაპარაკები თქვენ მიერ ორგანიზებულ ადამიანებს, ეს სიძულვილი უნდა ანთხიოთ?
ჩვენი პასუხი თქვენთან მიმართებაში არის - ეს არჩევნები არის არჩევანი წარმატება, განვითარებასა და ჭაობს შორის, ეს არჩევნები არის მართლაც არჩევანი დასქმებასა და უმუშევრობას შორის, ეს არჩევნები არის იმ ადამიანებს შორის მათ შორის, ვინც მოწყვეტილია ხალხისგან და ვინც ახლოსაა ხალხთან. ეს ქვეყანა ივანიშვილის არ არის, ეს ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ , თქვენს დღევანდელ განცხადებას ექნება შესაბამისი შეფასება საზოგადოებისგან.” - განაცხადა ვაშაძემ.