მომავალში განვიხილავ, რომ ენმ-სთან იქნება რაღაც ტიპის კოალიცია, ოღონდ ენმ არ იქნება არაფრის ცენტრში - ჯაფარიძე
"მომავალში განვიხილავ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან იქნება რაღაც ტიპის კოალიცია, ოღონდ ენმ არ იქნება არაფრის ცენტრში," - ამ განცხადებას "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე "დღის ამბებთან" აკეთებს.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას გამორიცხავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს არჩევნებში, არ გამორიცხავს, რომ ენმ-სთან კოალიციურ მთავრობაში მოუწიოს თანამშრომლობა. თუმცა ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიციები უნდა ჰქონდეს, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმასთან მიმართებაში.
ან უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ხელისუფლებასთან შესაძლებელია რაღაც ტიპის ალიანსი და ეს ხელისუფლება შეიძლება გაკეთილშობილდეს და ჩვენ მოვიპოვოთ მეტი თავისუფლება, ეს ქვეყანა დაადგეს სწრაფი განვითარების გზას... მე ამის არ მჯერა, იმიტომ, რომ ამათ ხელში არის მთელი ძალაუფლება და ერთადერთი, რაც აინტერესებთ ამ ძალაუფლების შენარჩუნება არის და არიან მატყუარა, გადამგდები ხალხი - ჩვეულებრივად რუსული ბუნების მატარებელი. არ მჯერა, რომ მათთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა შესაძლებელია მეტი თავისუფლებისკენ ნაბიჯი გადაიდგას.
კი, ბუნებრივად ნიშნავს, რომ ვთამაშობ ოპოზიციურ ფლანგზე და კი, მომავალში განვიხილავ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან იქნება რაღაც ტიპის კოალიცია, ოღონდ ენმ არ იქნება არაფრის ცენტრში, ენმ-ის მოუწევს კოალიციაში ყოფნა. ენმ-ს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მოუწევს ძალიან კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მის ხელში ვერ იქნება, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურები," - ამბობს ზურა ჯაფარიძე.