ტყეში გარდაცვლილი სამხედროს საქმე - ვინ არიან და რას ამბობენ დაკავებული ჯარისკაცები (ახალი დეტალები)
ტყეში გარდაცვლილი სამხედროს საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - დაკავებულია 3 ყოფილი ჯარისკაცი, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ დანაშაულში 5 პირი ფიგურირებდა. ის, რო გიორგი აფრიამაშვილთან საქმის გასარჩევად 5 პირი მივიდა, ამას "პირველებთან" ადასტურებს ბრალდებულების ადვოკატი.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ 5-დან 3 სამხედრო მოსამსახურე იყო, 2 კი სამოქალაქო პირი. ეს ორი პირი ახლა დაკავებული არ არის, თუმცა გამოძიებამ ხელბორკილები დაადო სამ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს. გამოძების ინფორმაციით, მათ მომხდარის შემდეგ საკუთარი სურვილით დატოვეს ჯარი.
დაკავებული სამხეროებიდან ერთ-ერთი მიხეილ დოიჯაშვილი ოცეულის სერჟანტი იყო, "პირველების" ინფორმაციით, სწორედ ის იყო ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელიც გიორგი აფრიმაშვილთან საქმის გასარჩევად მივიდა. ასევე ხელბორკილები დაადეს რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილს.
დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულები ძალადობის გარკვეულ ეპიზოდს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაარტყა ხელი 41 წლის სამხედროს და ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. უფლებადამცველის თქმით, 3 სამხედრო მეგობართან ეჭვიანობის ნიადაგზე მივიდნენ, მათ უნდოდათ გარდაცვლილს ეღიარებინა, რომ ის მეგობრის ცოლს სასიყვარულო შინაარსის წერილებს წერდა, რაც ადვოკატის თქმით, აფრიამაშვილმა მათთან აღიარა.
თვითმკვლელობამდე მიყვანა სახეზეა მაშინ, თუ არსებობს ან მუქარა მსხვერპლის მიმართ, რაც მტკიცებულებებით არ იკვეთება, ან უნდა არსებობდეს სისტემატიური შეურაცხყოფა, ძალადობა სისტემატიური და მათ ერთჯერადი შეხება ჰქონდათ მხოლოდ, ამას ნაწილობრივ აღიარებენ. გულისხმობენ იმას, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილთან მივიდნენ იმ ვითარების გასარკვევად, რეალობა იყო თუ არა ის, რომ გარდაცვლილს მისივე მეგობრის მეუღლესთან ჰქონდა თუ არა გარკვეული სასიყვარულო მიმოწერები და მას სიყვარულში გამოუტყდა. ეს იყო მათი მისვლის მიზეზიდ ა გარდაცვლილმა მათ დაუდასტურა, რომ ეს იყო სინამდვილე. სწორედ ამის შემდეგ, მას უთხრეს, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი. ამის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მას მსუბუქად ხელი შემოარტყა. არცერთი საექპერტო დასკვნა დღეის მდგომარეობით საქმეში არ დევს", - ამბობს ადვოკატი.
3 დაკავებული ჯარისკაცის სასამართლო დღეს გორში გაიმართება. პროკურატურა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი აპირებს გირაოს შუამდგომლობა დააყენოს.
დაკავებების სერია "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი გამოძიების შემდეგ. გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმეზე სამი ჯარისკაცი დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სამხედროებმა ირაკლი აფრიამაშვილზე ფიზიკურად იძალადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. თუმცა ამ ვერსიას ოჯახი არ ეთანხმება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
სამხედრო ახაშენის ტყეში ხეზე ჩამომხჩვალი 11 იანვარს იპოვეს. ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, რომელიც ცხედარს ჰქონდა, ოჯახს არწმუნებს, რომ აფრიამაშვილი ჯერ ჯგუფურად სცემეს, შემდეგ მოკლეს, ბოლოს კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ჯარისკაცს საკუთარ სახლში სამხედროები ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ.
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალი წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ.