"ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია 7.5-10 წუთში" - რა წერია შოვზე გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში
"შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია 7.5-10 წუთში," - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო დასკვნაშია საუბარი.
დოკუმენტს სახელწოდებით "მდ. ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების
შეფასების ანგარიში" გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს, სადაც შეფასებულია შოვში განვითარებული მოვლენები და გამომწვევი მიზეზები, ასევე საუბარია პრევენციის მექანიზმებზე.
დასკვნიდან ირკვევა, რომ ღვარცოფულ ნაკადს შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე მისაღწევად 7.5-10 წუთი დასჭირდა. გარემოს ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ განგაშის სისტემის მოწყობის შემთხვევაშიც კი შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება ვერ მოხერხდებოდა.
დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების
არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული
შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.
რა მოხდა შოვში და რამ გამოიწვია მეწყერი, დასკვნიდან ირკვევა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, ასევე მყინვარის ნაწილი ჩამოინგრა და ამან გამოიწვია "ყინულშიდა ნაპრალებში არსებული წყლების
გადმოდინება".
მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას,
რომელიც დინამიკურ კონტაქტში შევიდა მყინვართან, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის
დეფორმაცია და ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ყინულშიდა ნაპრალებში არსებული წყლების
გადმოდინება, ასევე მყინვარის ზედაპირზე კლდეზვავის მყარი მასალის ხახუნის შედეგად
მოხდა მყინვარის უსწრაფესი (ინტენსიური) დნობა (ზემოთ აღნიშნული ფაქტორები
სრულიად საკმარისი იყო ღვარცოფის მოძრაობაში მოსაყვანად), რის შედეგად წარმოქმნილმა
ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში," - წერია დასკვნაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ გრძელვადიან შეგუბება არ დაფიქსირებულა მდ. ბუბისწყლის აუზში.
ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების, მანძილის გათვალისწინებით და RAMMS-ის პროგრამული უზრუნველყოფით განხორციელებული მოდელირებით, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარემ 18-24 მ/წმ შეადგინა. სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია 7.5-10 წუთში;
არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება;
მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად;
ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს," - წერია დასკვნაში.