ვინ უნდა დანიშნოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - რა შეთავაზებით მივიდა ოპოზიცია და რა უპასუხა "ოცნებამ"

16.02.24 17:31
ვინ უნდა დანიშნოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - რა შეთავაზებით მივიდა ოპოზიცია და რა უპასუხა "ოცნებამ"

როგორი უნდა იყოს ანტიკორუფციული ბიურო და ვინ უნდა დანიშნოს ბიუროს ხელმძღვანელი - პარლამენტმა თუ პრემიერმა - პარლამენტში 9 დათქმასთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გრძელდება, სადაც ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით მსჯელობენ.

როგორც შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, მმართველ პარტიას სხვადასხვა ალტერნატივა შესთავაზეს ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით, თუმცა მათგან შეთანხმებისთვის მზაობა ვერ დაინახეს. 

ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმება, კონსენსუსი და შესაბამისად, მოქალაქეთა ნების ასახვა და ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობის გაძლიერება, მაგრამ ბუნებრივია, მაინც ივანიშვილის პარტია რჩება აზრზე, რომ ივანიშვილის დანიშნულმა პრემიერმა უნდა დანიშნოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც ბუნებრივია, კორუფციას არ და ვერ გამოიძიებს.
დანიშვნის წესთან დაკავშირებით, რაც ფუნდამენტური საკითხია, ბატონ რაჟდენს არ დაუფიქსირებია პოზიცია, მან უფრო ისაუბრა ტექნიკურ საკითებზე,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

როგორც "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, მან ოცნებას ისიც კი შესთავაზა, რომ ანტიკორუფციული ბიურო არა პრემიერის, არამედ პარლამენტის ზედამხედველობის ქვეშ მოექცეს და თუნდაც უბრალო უმრავლესობით მოხდეს თავმჯდომარის არჩევა.  

კომპრომისიც კი შევთავაზე, რომ გადმოიტანონ პარლამენტში, პარლამენტი იყოს ზედამხედველი, იყოს ჩვეულებრივი 75 ხმით დანიშნული, ჯანდაბას დანიშნოს „ოცნებამ“, ოღონდ მოექცეს პარლამენტის ზედამხედველობის ქვეშ. სად, როდესაც ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და სად, როდესაც პარლამენტი - დაფიქრდნენ, მაგრამ საბოლოოდ ალბათ, უარს იტყვიან,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

დეპუტატ იაგო ხვიჩიას თქმით, როგორც გაარკვია, "ოცნებას" ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არ გაუზიარებია.

არასამთავრობო სექტორს ვკითხე, ბატონ ლაშა ტუღუშს დავუსვი ეს შეკითხვა, ერთი საკითხი მაინც თუ იყო ისეთი, რაც მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების მიერ იყო გათვალისწინებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი, ახლა არ ვიცი, ქართულ ოცნებას არ უპასუხია, ვინმე გაიხსენებს თუ არა, მაგრამ სანამ იქ ვიყავი ვერავინ ვერ იხსენებდა,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
 

მსგავსი სიახლეები