პუტინი სააკაშვილს სიცოცხლის განადგურებით არაერთხელ დამუქრებია, ამიტომ მივმართავ ზურაბიშვილს, დაუყოვნებლივ შეიწყალოს - სოფო ჯაფარიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.
სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორი მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, ამიტომ ახლა მისი პატიმრობაში ყოფნა საფრთხის შემცველია.
დღეს ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. ნავალნის პირადი მტერი იყო ვლადიმერ პუტინი და ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერია ვლადიმერ პუტინი. თავად რუსეთის დიქტატორ მმართველს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამხედრო დამნაშავედ აღიარებულ პუტინს არაერთხელ გაუვლია პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ის არაერთხელ დამუქრებია მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური განადგურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეებში შემთხვევით არ კვდებიან.
მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონო სალომე, ნუ დაამახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ გეტყვით, ნუ დაამახინჯებთ და ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი", - ამბობს ჯაფარიძე.