სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს საქართველოში გავლენების გაფართოებას - ზურაბიშვილი ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს
მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვერა ჟუროვასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვერაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმ ფონზე, როცა რუსული პროპაგანდა საქართველოში ფეხის მოკიდებას აქტიურად ცდილობს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს საქართველოში გავლენების გაფართოებასა და ფეხის მოკიდებას, ევროკომისიის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად გააძლიერა საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებები, - ნათქვამია განცხადებაში.