ექიმები შიმშილობას იწყებენ - რესპუბლიკურის თანამშრომლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
ექიმები შიმშილობას იწყებენ - პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შეეცდებიან, შეაჩერონ ქალაქის ყველაზე დიდი კლინიკის ნგრევა. მედიკოსების აქციაზე ამ წუთებში დგანან პაციენტებიც.
ცოტახნის წინ სამედიცინო პერსონალმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა, მაგრამ უცნობია, გამონახავს თუ არა დროს ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურში მისასვლელად.
აქციის მონაწილეების თქმით, მათთან დღეს მამუკა მდინარაძე უნდა მისულიყო, თუმცა კრიტიკული მედიასაშუალებების წინაშე გამოჩენა არ სურდა და არ მივიდა შეკრებილებთან.
ერთადერთი შემოთავაზება შეხვედრაზე იყო იმ პარასკევს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ აქცია სამინისტროსთან. მაშინ ჩვენ მინისტრს არ შევხვდით და ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შევხვდებოდით, როდესაც კლინიკის რეორგანიზაციის ბრძანება შეჩერდებოდა, სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა. ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფები მუშაობენ ყოველ დღე 6-დან 7 საათამდე ჰოლდინგის შენობაში და ესაუბრებიან ადამიანებს კომპენსაციებზე ე.წ. უპრეცენდენტო კომპენსაციებზე, რომელსაც ჩვენ არ განვიხილავთ - ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი მეოთხე კვირაა, რომ შეწყდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია-დემონტაჟის შესახებ და დაიწყოს მოლაპარაკება სამუშაო მაგიდასთან,“ - ამბობს ნინო ოთარიშვილი.