"ტყუილებითაა სავსე" - პაპუაშვილის მორიგი იერიში მთივლიშვილზე და განმარტების მოთხოვნა EU-სგან

20.02.24 16:08
"ტყუილებითაა სავსე" - პაპუაშვილის მორიგი იერიში მთივლიშვილზე და განმარტების მოთხოვნა EU-სგან

პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი შეტევა გელა მთივლიშვილზე - შალვა პაპუაშვილი განმარტებას ითხოვს, თუ რატომ მოხვდა „მთის ამბების“ ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში.

პაპუაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გაკეთდეს განმარტება, ვინ იყო საკონკურსო კომისიაში და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ევროკავშირი კონკურსზე.

საუბარია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაზე. პაპუაშვილი ამ მასალაზე ამბობს, რომ „განზრახული ტყუილებითაა სავსე“.

ახლა ევროკავშირის კონკურსში რომ ფინალამდე აღწევს ასეთი სახის სტატია და ეს ხომ არ არის უბრალოდ ტყუილი, მიზანი იყო საზოგადოებაში პანიკის დათესვა, სტიქიის დღეებში ისტერიის შექმნა და ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების განწყობა. როდესაც ასეთი სამუშაოთი არის დაკავებული ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტს ეძახის და შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ჟურნალისტურმა სამყარომ ამხილოს ასეთი დეზინფორმაცია, ეთიკის საბჭომ იმსჯელოს და ამხილოს, ევროკავშირის კონკურსში ფინალამდე აღწევს განზრახული ტყუილებით სავსე სტატია, თან განზრახული ტყუილი იყო.

ტყუილი იყო ის, რომ წინასწარ იყო ცნობილი, რომ სტიქია იქნებოდა; ის, რომ მდინარე იყო დაგუბებული დღეების განმავლობაში, იყო ტყუილი; ის, რომ ჯებირების კონსტრუქცია გადაარჩენდა სიცოცხლეს, იყო ტყუილი. თითქმის ყველაფერი რაც იქ იყო[სტატიაში], ტყუილი იყო. როდესაც ასეთი ტყუილი სტატია ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში გადის ფინალამდე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

   ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შალვა პაპუაშვილმა გელა მთივლიშვილის დისკრედიცია სცადა. რამდენიმე ფაქტია, როდესაც გელა მთივლიშვილზე მაღალჩინოსნებს იერიში მიაქვთ - იყო შემთხვევა, როცა მას შოვის სტიქიის გაშუქებისას საჯარო მოხელე "წყალში გადაგდებით" ემუქრებოდა, მმართველი პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "არაკაცს" უწოდებდა, ხოლო პარლამენტის სპიკერი ერთ-ერთი პოსტის წაშლაზე მიუთითებდა.

მსგავსი სიახლეები