თუ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ EU-ც მზად უნდა იყოს მისაღებად - ვარჰეი

20.02.24 18:08
თუ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ EU-ც მზად უნდა იყოს მისაღებად - ვარჰეი

"საქართველო თუ ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად," - ეს განცხადება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გააკეთა.

ვარჰეი საუბრობს იმ წინაპირობებზე, რა შემთხვევაში გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. როგორც ევროკომისარი ამბობს, თუ საქართველოს ყველა პირობა შესრულებული ექნება, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის მიიღოს.

მიმაჩნია, რომ შესაძლებლობების ეს ფანჯარა თავისთავად ახლა იქმნება. შეიძლება, ძალიან ადრეული იყოს იმის თქმა, როდის მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მხრიდან, კომისიის მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კანდიდატებისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, იმისთვის, რომ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ 2030 წელი იქნება. თუ მანამდე მოხდება, მანამდე იქნება, მაგრამ ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული წევრობისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქვეყანა წევრი, როდესაც შეასრულებს ყველა პირობას. საქართველო 2030 წლისთვის თუ იქნება მზად და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად 2030 წლისთვის, რადგან ეს ორმხრივი მიმართულებაა, კანდიდატი თუ ცდილობს, მაშინ ევროკავშირიც უნდა ეცადოს. კარი ღიაა", - ამბობს ვარჰეი.

მსგავსი სიახლეები