სპეციალურად "პიჯაკების საქმეზე" ჩავიცვი ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც ნივთმტკიცებულებაა და მე არ უნდა მქონდეს - სააკაშვილის მიმართვა

21.02.24 11:38
სპეციალურად "პიჯაკების საქმეზე" ჩავიცვი ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც ნივთმტკიცებულებაა და მე არ უნდა მქონდეს - სააკაშვილის მიმართვა

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროცესს  "ვივა მედიდან" ჩაერთო. 

პრეზიდენტმა, საგანგებოდ ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც საქმეში ნივთმტკიცების სახითაა წარმოდგენილი. "მე ერთი რამე კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან, ნივთმტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში"- თქვა შესავალ სიტყვაში სააკაშვილმა. 

მესამე პრეზიდენტის თქმით, როცა მას კორუფციაზე ასამართლებენ, ეს არის ქართველი ხალხის და მთელი მსოფლიოს დაცინვა.

დამთავრებული მაქვს კელნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს მოპოვებული. ასე რომ, საკმარისი იურიდიული განათლება მაქვს მეც მიღებული და ერთი რამ კარგად ვიცი, რომ ბრალდებულს არ შეიძლება ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან. ის უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში და მე დღეს სპეციალურად პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ის ნივთმტკიცებულება, ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში მე არ უნდა მქონდეს. თავისთავად ის, რომ ეს პიჯაკები მაქვს მე, ნუთუ ეს არ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე. ესაა საქმე, რომელიც ეხება ვითომ 9 მილიონი ლარის გაფლანგვას, თავიდან თქვეს, რომ ვითომ 19 მილიარდი მოვიპარე. მერე ეტყობა გზაში დამრჩა, სადღაც თვითმფრინავში ეტყობა, არ შემატანინეს და ბოლოს ისე დავრჩით, რომ თბილისში არც ერთი ბინა მე არ მაქვს პირადად, ყვარელში ძლივს მოვასწარით რაღაცის აშენება და ისიც დაყადაღებულია. ყველამ იცის, ჩემი მთავრობა იყო ყველაზე არაკორუმპირებული არამხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

თქვენ გინდათ მომისაჯოთ გაფლანგვაზე და კორუფციაზე? - სინდისი ხომ კარგი საქონელია. თქვენს წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაცინვა, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და მთელი მსოფლიოსი, რომელმაც ამდენი წიგნი დაწერა, აღფრთოვანდა ჩვენი გამოცდილებით,“- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მთავრობის მიერ გასაიდუმლოებულ ხარჯებზეც ისაუბრა - საინტერესოა, რატომაა დღეს მთავრობის ხარჯები გასაიდუმლოებული და მისი ხარჯები რატომ აღარ არის საიდუმლო - თქვა სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, ყველაფერი მისი პრეზიდენტობის დროს, რაც კეთდებოდა, იყო მიმართული ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„ეს პირდაპირ ეხება ამ საქმეს, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ. 2003 -დან 2013 წლამდე საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა ზუსტად 10-ჯერ. ამას წინათ ნოდიამ თქვა, თუ სააკაშვილს ამხელა ბიუჯეტი ჰქონდა ხელშიო, მარტო 9 მილიონს ედავებითო და თანაც სახლში კი არ წავიღე ეს 9 მილიონი, პიჯაკი წავიღე, აგერ მაქვს, გეუბნებოდით, მინდოდა მოცემა და არ წაიღეთ, რამდენჯერმე მოგიტანეთ საგამოძიებო ორგანოებში, ამ პიჯაკების გარდა მე სახლში არაფერი არ დამრჩენია, სახლიც არ დამრჩა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები