პოლიტიკური სიმწიფეა, რომ უკრაინის პროვოკაციაში არ ჩაერთო - ბჟანია "ოცნებას" აქებს
სოხუმი დაინტერესებულია "საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით", - ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსულ პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ზოგადად, ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ანტაგონიზმი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ გვქონდა პრეტენზია მათზე, ვინც დაიწყო ეს ომი და მათ მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ომში. ამან ყველაფერი ძირეულად შეცვალა“, - განაცხადა მან.
ამასთან, ბჟანიამ კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოს ხელისუფლების „პრაგმატულ მიდგომაზე“ . "ქართული ოცნების" მსგავსად ბჟანიაც ამტკიცებს, რომ ურკაინას საქართველოს ომში ჩათრევა სურდა, თუმცა მოქმედმა ხელისუფლებამ ეს დაუშვა, რაც მათ "პოლიტიკურ სიმწიფეზე" მიუთითებს.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ლიდერებს, როგორც მეჩვენება, პრაგმატული მიდგომა ჰქონდათ. ისინი არ მონაწილეობდნენ იმ პროვოკაციაში, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ მათ შორის მხარდაჭერა არ ჰპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. ასე მეჩვენება. მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, ამით შეიძლება ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა“, - განაცხადა ბჟანიამ.