არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნება - რაზე ისაუბრეს NDI-ის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე
"ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნება," - ამ გზავნილით დატოვა "ენ დი აის" დელეგაციასთან გამართული შეხვედრა საფრანგეთის ელჩმა. ელჩები ორი საათის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ.
განხილვის მთავარი საკითხი იყო, თუ რას აკეთებენ ქართული პოლიტიკური პარტიები წინა საარჩევნოდ და როგორია მათი ბრძოლის მეთოდები. ასევე დღეს დიპლომატებმა საქართველოს მთავრობას შეახსენეს, რომ ევროკავშირის გზაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დიპლომატების დაკვირვების შედეგები უკვე "ენ დი აის" დელეგაციის ხელშია. საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ "პირველებთან" საუბრის დროს ხელისუფლებასა და ოპოზიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად წარმართვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მკაცრად შეფასდება.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არჩევნები უნდა იყოს მშვიდობიანი და თავისუფალი. პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გარანტორები ერთიანობისა. ჩემი რჩევაა, რომ ხელი შეუწყონ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად, რადგან როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო შეფასდება მკაცრად არჩევნების მიმართულებით. საქართველო უნდა მიჰყვეს გეგმას 9 დათქმასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, არა მხოლოდ სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას. საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები 9 პუნქტის შესასრულებლად, რადგან ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. სიტყვების გარეშე უნდა გაიგონ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება არის მთავარი გასაღები 9 პუნქტისა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა", - ამბობს შერაზ გასრი.
NDI-ის წარმომადგენლები, დიპლომატებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მედიასთანაც გამართავენ შეხვედრას.