სააკაშვილის ჯანმრთელობას ბოტოქსი ესაჭიროებოდა - თემურ ჯანაშია
ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმათეიმურაზ ჯანაშიამ სასამართლოში "პიჯაკების საქმის" განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯანაშიას თქმით, მისი და მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიზირებულია და მისი წარმოება "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილზე ვენდეტაა.
"თემურ მღებრიშვილის ჩვენება რა თქმა უნდა, (დადასტურებაა), რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო პრეზიდენტის, პრემიერის განკარგულება შეესრულებინა, ეს შავით თეთრზე დაწერილია. აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, ერთი და იმავე ქმედებებზე, პრეზიდენტს შეიძლება წაუყენონ ბრალი, მეორეს - არა. ერთმა შეიძლება თვითმფრინავი იქირავოს და თავისი შვილი სადღაც გაასეირნოს, მეორე შეიძლება მიუნხენის კონფერენციაზე ჩავიდეს თვითმფრინავით და ბრალი წაუყენონ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის საკითხი. ეს საკითხი მაშინ დასრულდება, როცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არჩევნები დასრულდება",- განაცხადა ჯანაშიამ.
ე.წ პიჯაკების საქმე თავდაყირა დგება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოსმა, ერთი ჩვენებით თქვა ის, რასაც თემურ ჯანაშიას ადვოკატები წლებია ამტკიცებენ.
მღებრიშვილი, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახური 2014-2015 წლებში 9 თვის განმავლობაში ებარა, ამბობს რომ ყველა დავალებას, რომელიც პრეზიდენტებისგან და მინისტრებისგან უწყებაში მიდიოდა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა და ეს კანონდარღვევად ვერ ჩაითვლებოდა. ფაქტობრივად ამ ჩვენებით დადასტურდა, რომ ჯანაშიას მიმართ არსებული ბრალი აბსურდია.
პროკურატურა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.