მოსამართლე შვებულებაშია, ლაზარეს პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო - ლაზარე გრიგორიადისის დედა
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა, რომელიც 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარეს დედა სოციალურ ქსელში წერს.
რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია..." - წერს ლაზარეს დედა.
26 თებერვალს დასკვნით სასამართლო სხდომაზე მისი მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში მისვლას და სოლიდარობის გამოხატვას გეგმავდნენ.
ოჯახს სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. სამართალი სასამართლოში არ არსებობს - მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა "პირველებთან" ამბობს, რომ მათი ერთადერთი იმედი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
სასამართლო სხდომების პარალელურად, მმართველი პარტია გრიგორიადისის დისკრედიტაციას ცდილობდა და ოპოზიციურ პარტიებთან მის კავშირზე მიუთითებდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისს რამდენჯერმე უწოდა "ორიენტაციაარეული".
ოჯახის წევრების თქმით, ლაზარე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის დაკავშირებული და ქუჩაშიც მხოლოდ იმის გამო გადიოდა, რომ უსამართლობას ვერ იტანდა.