ნავალნის დედა ამბობს, რომ შვილის ცხედარი ნახა
ალექსეი ნავალნის დედის, ლუდმილა ნავალნაიას ინფორმაციით, მან შვილის ცხედარი ნახა. ნავალნაიამ თქვა, რომ შვილის ცხედარი ქალაქ სალეხარდში იმ ციხესთან ნახა, სადაც ის დეკემბრიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. ნავალნაია ამბობს, რომ გამომძიებლები მას „აშანტაჟებდნენ“ მისი შვილის დაკრძალვის დეტალების დადგენის მიზნით.
მალულად წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი იციან. მათ მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი. გარდაცვალების ცნობასაც ხელი მოვაწერე. კანონის მიხედვით, ალექსეის ცხედარი ჩემთვის მაშინვე უნდა გადმოეცათ. მაგრამ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ - სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეი. ეს უკანონობააა.
ჩემი თანდასწრებით ისინი იღებენ ბრძანებებს კრემლიდან ან საგამოძიებო კომიტეტიდან. მათ უნდათ, რომ ყველფერი საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე მოხდეს. უნდათ, სასაფლაოს ბოლოში მიმიყვანონ ახალ საფლავზე და თქვან: "აი, აქ წევს თქვენი შვილი“. მე არ ვეთანხმები ამას. მე მინდა, რომ თქვენც, ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია და ვისთვისაც მისი გარდაცვალება პირადი ტრაგედია იყო, გქონდეთ საშუალება დაემშვიდობოთ მას.
ამ ვიდეოს იმიტომ ვიღებ, რომ დამემუქრნენ - თუ ფარულ დაკრძალვაზე არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რამეს უზამენ. გამომძიებელმა ვოროპაევმა ღიად მითხრა: „დრო შენს სასარგებლოდ არ მუშაობს, გვამი იხრწნება“. განსაკუთრებული პირობები არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდეს. მოვითხოვ ჩემი შვილის ცხედარი სასწრაფოდ დამიბრუნონ”, - თქვა მან შვილის YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, რომელიც იკვლევს მისი შვილის გარდაცვალების გარემოებებს, სურდა ნავალნის ცხედარი "ფარულად, დამშვიდობების გარეშე" დაკრძალულიყო.
რუსი ოპოზიციონერის დედა შვილის ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა - უწყება სარჩელს 4 მარტს, დახურულ სხდომაზე განიხილავს.
მანამდე მან პუტინს მიმართა და შვილის ცხედრის დაბრუნება სთხოვა. ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილამ ვიდეომიმართვა ჩაწერა.