მინდა, პრეზიდენტს მივმართო, მთავრობასაც ვთხოვ, რომ დაგვეხმარონ - რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლის დედა
რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას დედა „დღის ამბებთან“ ამბობს, რომ მთავრობიდან მას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
დალი ჩხეიძის თქმით, ის თავად ეკონტაქტა საგარეო უწყებას, სადაც მიიღო ინფორმაცია, რომ მამუკა გაწერელიას საქმე გადაცემულია და განხილვა დაწყებულია.
გარდა ამისა, ჩხეიძის თქმით, მას დაუკავშირდნენ უკრაინის საელჩოსგანაც, სადაც უთხრეს, რომ მებრძოლის გასათავისუფლებად ყველაფერს გააკეთებენ, მათ შორის დაიწყება მოლაპარაკებები გაცვლაზეც.
დამირეკა 12 მაისს, აქ ისეთი ამბავია, არ ვიცი, როგორ გადავრჩებითო, თუ რამე მომივიდა ბოდიშს გიხდი და მაპატიეო. საჭმელიც არ არის, წყალიც არ არის, ბევრი დაჭრილები გვყავსო. რომ არ ჩაბარებულიყვნენ ტყვედ, ალბათ, იქ ამოხოცავდნენ.
ოფიციალურად მე 2 თვის უკან მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით და 4 დღის უკან დამირეკეს და მითხრეს, რომ მამუკას საქმე გადაცემულია და განიხილებაო, დაგიკავშირდებითო.
ამდენი ხანი მე არ ვახმაურებდი ამ ამბავს, 2 თვის უკან დავიწყე აქტიურობა. უკრაინის ატაშესთანაც ვიყავი, დამირეკა გუშინ და მითხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მამუკა ტყვეობიდან ვიხსნათ და გავცვალოთო, იმედია, რაღაცას გააკეთებენ და დაგვეხმარებიან ჩვენი მთავრობა.
მინდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსაც მივმართო დახმარებისთვის, ძალიან ვთხოვ, რომ დაგვეხმარონ, მთავრობასაც ვთხოვ, რომ დაგვეხმარონ,“ - ამბობს დალი ჩხეიძე.
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა.