რას ნიშნავს ე.წ. ვეტინგი და გავლენას იქონიებს თუ არა EU-სთან მოლაპარაკებების დაწყებაზე - გიგაურის განმარტება
ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება რომ სასამართლო გარემოს გააჯანსაღებს ამაზე საუბრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
როგორც გიგაური "პირველებს" ეუბნება, თუ ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგება საქართველოში, ამ შემთხვევაში კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მყოფი მოსამართლეების შესახებ ინფორმაციას და მათი კეთილსინდისიერების შეფასება მოხდება.
ე.წ. ვეტინგის სისტემა, რასაც "ოცნება" არ იზიარებს, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების მექანიზმის შემოღებას ნიშნავს.
ე.წ. ვეტინგი, ის, რომ უნდა შეიქმნას კომისია და ამ კომისიამ უნდა შეაფასოს ის მოსამართლეები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც არიან სასამართლო სისტემაში, ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელსაც ექნება გავლენა იმაზე, თუ ვინ მუშაობს ჩვენს სასამართლო სისტემაში.
მმართველი პარტია ამბობს უარს ამ მოსამართლეების გარიდებაზე ჩვენი სასამართლო სისტემიდან და მათ გამო, ჩვენ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვექმნას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მხრივ,“ - ამბობს ეკა გიგაური.
ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება "ქართული ოცნებისთვის" კატეგორიულად მიუღებელია, ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ამგვარი პროცედურა. გარდა ამისა, ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციას სასამართლოს "ხელში ჩასაგდებად" სჭირდება.