კობახიძეა ის ადამიანი, ვისი ლიდერობის დროსაც ხელისუფლება ოფიციალურად ჩადგა რუსეთის სამსახურში - გეგელია
"სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების დაზიანებასა და სპობაზე ეკისრება უპირველეს ყოვლისა, სწორედ ბატონ კობახიძეს და ქართული ოცნების ხელისუფლებას," - ამ განცხადებას "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია აკეთებს.
გეგელია ირაკლი კობახიძის მხრიდან აშშ-ის მიმართ გამოთქმულ უკმაყოფილებას ეხმაურება და ამბობს, რომ სწორედ "ოცნების" ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის შესუსტების გამო.
სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების დაზიანებასა და სპობაზე ეკისრება უპირველეს ყოვლისა, სწორედ ბატონ კობახიძეს და ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ჩამოშორებულიყო საერთაშორისო თანამეგობრობას. რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ყველაზე არაადეკვატურ მომენტებში ყველაზე არაადეკვატური გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული. კობახიძეა ის ადამიანი, ვისი ლიდერობის დროსაც საქართველოს ხელისუფლება ღიად და ოფიციალურად ჩადგა რუსეთის სამსახურში, მათ ყოველ თვე აქებთ სერგეი ლავროვი, ვფიქრობ, ეს არის საკმარისზე მეტი ფაქტი და სამხილი იმისა, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკას ეწევა დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
იცვლება თუ არა ქვეყნის პრიორიტეტები საგარეო მიმართულებით და ემუქრება თუ არა საფრთხე ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას - პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ურთიერთობის სურვილის ნაკლებობაში ადანაშაულებს.