EU-სთან ვიმუშავებთ, რომ ცვლილებები სწორად იყოს გაგებული, გააზრებული - დავითაშვილი
"ვიმუშავებთ ევროკავშირთან იმისთვის, რომ ის ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება გაატარებს, იყოს სწორად გაგებული, გააზრებული ევროპელი პარტნიორების მხრიდან," - ამ განცხადებას ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან აკეთებს.
როგორც დავითაშვილი ამბობს, დასავლელ პარტნიორებს შეეცდებიან აუხსნან და სწორად მიაწოდონ ინფორმაცია, რა ცვლილებები შედის ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაში.
ჩვენთვის კორუფცია არის მიუღებელი, კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია და შესაბამისად, მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ იყოს ინსტიტუციური გაძლიერება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ცვლილებებიც ამას ემსახურება, ეს პროცესი გაგრძელდება და პოლიტიკური ჯგუფები ამაზე იმუშავებენ, მათ შორის ვიმუშავებთ ევროკავშირთან იმისთვის, რომ ის ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება გაატარებს, იყოს სწორად გაგებული, გააზრებული ევროპელი პარტნიორების მხრიდან,“ - ამბობს ლევან დავითაშვილი.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნიან - კაცი, ვინც "ოცნების" კორუფციული გარიგებები უნდა შეისწავლოს საკანონმდებლო დონეზე აძლევენ დაცვის უმაღლესს გარანტიას.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნიშნავს პრემიერი. მას კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია წარუდგენს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე 6 წლის ვადით ინიშნება.
ვენეციის კომისიის დასკვნაშიც აღნიშნული იყო, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.