"ოცნებამ" უმძიმესი დანაშაული დაგვწამა, რომლის უკან ივანიშვილი და მისი დამქაშები დგანან - ჯაფარიძე

26.02.24 23:16
"ოცნებამ" უმძიმესი დანაშაული დაგვწამა, რომლის უკან ივანიშვილი და მისი დამქაშები დგანან - ჯაფარიძე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩლის განხილვაში მიღებას ეხმაურება და ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს - ჯაფარიძე "ოცნების" წევრებს ბარბაროსებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ლელოს" წარმომადგენლებს უმძიმესი დანაშაული დასწამეს, რომლის უკანაც ქართველი ოლიგარქი დგას.

ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მის მორალურად განადგურებას კრემლის ნარატივებით ცდილობს.

მდინარაძემ სიმწრისგან თქვა ეგ ყველაფერი და მინდა ვისურვო, რომ მისი შვილი გაიზარდოს სამართლიანი სასამართლოს, ქვეყნის პირობებში და არა იმ პირობებში, რომელიც მდინარაძემ შექმნა და ხელს უწყობს. არასდროს ენახოს ის სიბინძურე და უმსგავსობა, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს მისი დამქაშების წყალობით, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. ეს ყველაფერი ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. მან პირდაპირ დაავალა და პროკურატურამ ვერაფერი ვერ მოიფიქრა გარდა იმისა, რომ დაებრალებინა ფულის გათეთრება", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს ხაზარაძე-ჯაფარიძემ უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემდეგ მიმართეს - ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდადებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები