შეძლებენ თუ არა პარტიები არჩევნების წინ გადაჯგუფებას - რას ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები
შეძლებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები გადამწყვეტი არჩევნების წინ გადაჯგუფებას - ყოფილი სახალხო დამცველის მოწოდებას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიების ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რომ არჩევნებზე სხვა პარტიებთან არ გაერთიანდება, ნაწილი კი გამსხვილების იდეას ემხრობა.
როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, მისი პარტია გამსხვილებას ემხრობა. ბოკუჩავასთვის უმთავრესია, რომ საარჩევნოდ ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს.
ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია და კოალიციების ფორმირებაზე ფიქრი. ჩვენ ვართ ღია ამ გამსხვილებისთვის, თუმცა თუ სხვა პარტიები საკუთარ თავს სხვა პლაცდარმზე მოიაზრებენ, ეს მათი არჩევანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ გაფლანგონ ხმები,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
"ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე თვლის, რომ ამ გაერთიანებებმა ამომრჩეველს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა უნდა დაანახოს და შეძლოს უფრო მეტი ხმის მობილიზება, ვიდრე არჩევნებზე ცალ-ცალკე პარტიებად გასვლით მოხდებოდა.
ადამიანების ერთობა პლატფორმა უდა იყოს სინერგიის მომტანი - უნდა იყოს ხალხის ინტერესი ასახული, ხმები გაცილებით უფრო მეტი მოვიდეს ამ გაერთიანების კონტექსტში და ალტერნატივა წარმოჩინდეს-ხელისუფლების კონტრასტი. მოლოდინები შექმნა და შემდეგ ადამიანებისთვის თქმა იმის, რომ თუ ასე არ მოხდა, მერე სარჩევნოდ იქნება ძალიან ცუდი, ეს არის ნიჰილიზმი ადამიანებისთვის,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
რაც შეეხება "ლელოს", დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტიების ტაქტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა უმთავრესია, რომ საქმით დაანახონ ამომრჩეველს უპირატესობა.
აუცილებელია, რომ ძლიერები გავერთიანდეთ, სუსტების გაერთიანება ვერაფერს ვერ მოგვცემს. ის ძლიერები ინდივიდუალურად გააკეთებენ საკუთარ საქმეს თუ მერე ერთად დადგომით, ეს ტაქტიკის საკითხია. ამიტომ ყველა პარტია და ყველა პოლიტიკოსი, ვინც მომავალ არჩევნებზე არის მოწადინებული, უნდა ცდილობდეს, ამას აკეთებს "ლელო", რომ თავად იყოს მომხიბვლელი და შემძლე,“ - ამბობს უსუფაშვილი.
გახარიას გუნდი არჩევნებისთვის რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას გამორიცხავს. როგორც ბერდია სიჭინავა ამბობს, მათ ინდივიდებთან აქვთ კომუნიკაცია, მათ შორის მათთან, ვისთან ერთადაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ.
ნაცები სამ პარტიად თუ ოთხ პარტიად იყოფიან, ეგეც ვერ გაუგიათ, ზოგიერთები ერთიანდებიან - წარმატებებს ვუსურვებთ ყველას. ჩვენ ვიქნებით როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა ინდივიდუალურ ადამიანებთან მიმართები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ამ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, მათ შორის, იმ დროს, როდესაც „ოცნებაში“ ერთად ვიყავით, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ვიხილავთ,“ - ამბობს ბერდია სიჭინავა.
"ევროპულ საქართველოში" კი არასწორად თვლიან გაერთიანებებზე საუბარს და ცრუ მოლოდინების შექმნას.
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად საჭიროა ამომრჩევლების საკმარისად დიდი რაოდენობის მობილიზება და ჩართვა არჩევნებში, შესაბამისად, არასწორი მგონია პარტიების გაერთიანებაზე როგორც ცრუ მოლოდინების, ასევე მნიშვნელობის მინიჭება, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რომლებიც მუდმივად ლაპარაკობენ გაერთიანებაზე, მაგრამ პარალელურად ქმნიან ცალკე პოლიტიკურ პარტიებს,“ - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია, რომელიც პარტიის პრეზენტაციას მარტში გეგმავს - იქნება ვინმესთან კოალიციაში თუ მარტო, ეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა.
როგორ უნდა გადაჯგუფდნენ პოლიტიკური პარტიები - ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არსებულ პოლიტიკურ რეალობაში 4 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას ხედავს.