შერიგების მინისტრმა ფეისბუქ რეკლამებზე პრემიერზე უფრო მეტი ფული დახარჯა
პოლიტიკური რეკლამები „მეტას“ პლატფორმებზე საქართველოში - ცნობილია, რომლელი პოლიტიკოსი რამდენს ხარჯავს?!
2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერის მონაცემებით, ყველაზე აქტიური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღმოჩნდა. ირკვევა, რომ თეა ახვლედიანმა პრემიერზე უფრო მეტი ფული დახარჯა.
უფრო კონკრეტულად:
- შერიგების სამინისტრომ პოლიტიკურ რეკლამებში დახარჯული ფულით რეკორდი მოხსნა და ეს თანხა მხოლოდ სამ თვეში - 28,864,00 ლარია.
- მეორე ადგილზეა, "ქართულო ოცნება" - მმართველმა პარტიამ პოლიტიკური/სოციალური რეკლამებისთვის 18,878,00 ლარი დახარჯა.
- „მეტას“გასაჯაროებულ მონაცემებში მოხვდნენ ის ოპოზიციური პარტიები და ლიდერებიც ვინც - რეკლამაში სოლიდური თანხა დახარჯა.
რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმაზე 16-ჯერ მეტი ღირებულების რეკლამა განათავსა, ვიდრე წინა კვარტალში. უწყების საქმიანობის ამსახველ პოსტებთან ერთად, გვერდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კამპანიას „ქართული ენა გვაერთიანებს“. მოცემული კამპანია მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას. რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ „მეტას“ ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან...
წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯიც. მმართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა. პოლიტიკური გაერთიანება ფეისბუქზე, ასევე, ასპონსორებდა საინფორმაციო ბარათებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ"- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კვლევაში მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაღებული ხარჯებიც:
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ძირითადად, დასპონსორებული იქნა პირდაპირი ვიდეოჩართვები, რომლებიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, მთავრობის სხდომებს, ბრიფინგებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობასა და სხვა აქტივობებს. აგრეთვე, რეკლამის სახით განთავსდა იმგვარი ღონისძიებების ამსახველი ვიდეოჩართვებიც, რომელთა ხანგრძლივობა ერთ საათს აღემატებოდა. მათ შორისაა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნა გასული წლის 26 ოქტომბერს, 15 დეკემბერს გამართული კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და 18 დეკემბერს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში. სურათების სახით განთავსებულ რეკლამებს შორის იყო ღარიბაშვილის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოები და რელიგიური დღესასწაულების მისალოცი ბარათები ფეისბუქზე.
isfed-ის კვლევის თანახმად, „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.
რა ვიცით „მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაზე?
„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისი მიზანი კომპანიის კუთვნილი პლატფორმების მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“), აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოადგენს საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას.
isfed-ის განცხადება სრულად ნახეთ აქ