რა ბრალდებით დააკავეს თემურ კარბაიას მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდში? - შსს-ს კომენტარი
"პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საოკუპაციო ძალების პოლიციის ერთი წამომადგენელი დავით კვეკვესკირი ზუგდიდში დააკავეს.
საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ დროებით ოკუპირებული გალის ე.წ მილიციელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.
ირკვევა, რომ კვეკვესკირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
- გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
დავით კვეკვესკირის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერირიტორიაზე დაკავების ცნობა დღეს გავრცელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კვკვესკირი ზუგდიდში, ნათესავის სახლში დაახლოებით ერთი თვე იმალებოდა.
თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე 2 "მილიციელი" 12 თებერვალს დააკავეს. ოკუპირებულ რეგიონში სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ იყო დაწყებული.
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი ეჭვმიტანილები არიან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში.
ე.წ. პროკურატურის მტკიცებით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა. როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამინისტრომ ადრე აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებენ.
9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.