რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა
რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა.
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
გაწერელიას გადასარჩენად პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს მთავრობას და უკრაინის პრეზიდენტს, რომ რუსეთისგან დასაცავად ქართველი მებრძოლის დასახსნელად ყველა საშუალებას მიმართონ.
მამუკა გაწერელია სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ იყო დაჯილდოვებული სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო წარმატებებისათვის. თავადაც აფხაზეთიდან დევნილს, რომლის მამაც აფხაზეთის ომის მონაწილეა, გულმა ვერ გაუძლო, როცა ტელევიზიით უდანაშაულო ადამიანების, მოხუცებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტას უყურა და მოხალისედ წავიდა უკრაინაში. თავგამოდებით ებრძოდა საერთო მტერს - რუსეთს, რომელმაც უკრაინაზე ადრე მის მშობლიურ აფხაზეთში დაატრიალა ცოდვის კალო. ომში, სადაც 2 მხარე ებრძვის ერთმანეთს, მუდამ ვიღაც იღუპება და ამის ბრალად წაყენება მებრძოლისათვის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის, უკრაინის პრეზიდენტის, რუსეთის მთავრობისაგან, მამუკა გაწერელიას, როგორც სამხედრო ტყვის მიმართ გამოყენებული იქნეს ყველა ზომა მისი გაცვლის ან ექსტრადირებისათვის, რათა სამშობლოში მოიხადოს სასჯელი. იმედი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნა არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და უსამართლობასთან მებრძოლი ახალგაზრდის ბედი საყოველთაო ზრუნვის საქმედ იქცევა," - წერია პეტიციის ტექსტში.
პეტიციაზე, მამუკა გაწერელიას გადასარჩენად! ხელმოწერა შეგიძლიათ აქ