კონსპირაციული შეხვედრა ხიდაშელთან - რითი იმართლებს თავს გია ვოლსკი?
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ვოლსკი თავის მართლების რეჟიმშია - "ოცნების" წევრი პრორუს ბიზნესმენთან შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის საკითხის განხილვას აღიარებს და არ მალავს, რომ დავით ხიდაშელს აფხაზეთთან სატრანზიტო მიმოსვლის შესახებ ესაუბრებოდა.
პარლამენტის ვიცესპიკერის მტკიცებით, სანქცირებული ევტუშენკოვის ახლო მეგობრის, დავით ხიდაშელის ინიციატივა იყო, მათ შორის აუდიენცია შემდგარიყო.
"ოცნების" წევრს მოუწია იმის აღიარებაც, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან ურთიერთობების გაღრმავება მიმოიხილეს.
"ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მითუმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია"- ამტკიცებდა დღეს ვოლსკი.
ვერ მივხვდი, ტაშფანდურის მიზეზი რა იყო, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან ხმამაღლა საუბრობდა კაფეში, მიმტანსაც ესმოდა და მაგიდასთან მჯდომ ადამიანს. მერე მივხვდი, რომ "დროას" ხალხია თურმე, რომელსაც ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას.
დავით ხიდაშელს, გეუბნებით გულახდილად, აშკარად, არანაირი ანტიდასავლური, პრორუსული და მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში შეთანხმება იყო რუსეთთან და შვეიცარიასთან დადებული შეთანხმება, მათ შორის, საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია, ეს სატრანზიტო მოძრაობა შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს", - ამბობს ვოლსკი.
კითხვაზე, ისაუბრა თუ არა კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს:
რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის”,- განაცხადა ვოლსკიმ.
დასანქცირებული რუსი ოლიგარქის, ევტუშენკოვის უახლოესი გარემოცვის წევრთან აუდიენციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მოძრაობა "დროას" წევრებმა გადაიღეს და გაავრცელეს. ირკვევა, რომ შეხვედრა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში შედგა.
პარტია "დროას" ოფისში ამ წუთებში იშიფრება მასალა, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის და პრორუსი ბიზნესმენის კონსპირაციული შეხვედრის დეტალებს ახდის ფარდას.
"დროაში" ირწმუნებიან, რომ ვოლსკი და დავით ხიდაშელი, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათთან არაფორმალურ შეხვედრებზე მსჯელობდნენ.
პარტია დროას ინფორმაციით, ხიდაშელი პარლამენტის ვიცესპიკერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა.
პარტიაში ამბობენ, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.