მოკლეფეხება პროპაგანდისტი, სულით რუსი, არასანდო - ოპოზიცია კონსპირაციულ შეხვედრაზე განმარტებებს ითხოვს

07.03.24 13:44
მოკლეფეხება პროპაგანდისტი, სულით რუსი, არასანდო - ოპოზიცია კონსპირაციულ შეხვედრაზე განმარტებებს ითხოვს

მოკლეფეხება პროპაგანდისტი, სულით რუსი, არასანდო - ოპოზიცია კონსპირაციულ შეხვედრაზე განმარტებებს ითხოვს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მომხდარით გაკვირვებულები არ არიან და ისინი მთავრობის ქმედებებს მოღალატეობრივს უწოდებენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ როგორც დავით გარეჯის საქართველოსთვის დაბრუნების პროპაგანდამ არ გაამართლა, ასევე უშედეგოდ დასრულდება "ოცნების" მორიგი კამპანია, რომლითაც მთავრობა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას ცდილობს.

დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია ევტუჩენკოვის მარჯვენა ხელს არასანდო პიროვნებას უწოდებს და აცხადებს, რომ დავით ხიდაშელის საქართველოში ყოფნა ერთადერთ მიზეზს, ქვეყანაში რუსული ინტერესის გატარებას ემსახურება.

ვიცით, ვინ არის დავით ხიდაშელი, რა პრობლემები შეუქმნა მისმა საქმიანობამ ამ ქვეყანას. ვიცით მისი ინტერესები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით და შემდეგ მას მოუწია რაჭის ტყეების დაბრუნება. ეს ადამიანი არ არის სანდო საქართველოს სახელმწიფოსთვის, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის არის რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი საქართველოში", - ამბობს კორძაია.

პარლამენტარი თეონა აქუბარდია მმართველ პარტიას ოკუპანტი ქვეყნის ნარატივების გატარებაში ადანაშაულებს და მომხდარს სამწუხარო ფაქტად აფასებს. 

"ეთნიკურად ქართველი და სულით რუსი ადამიანები", - ასე მოიხსენიებს აქუბარდია პრორუს ბიზნესმენს, რომელთანაც ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არაფორმალური ურთიერთობებით საკუთარი კეთილდღეობის აწყობას ცდილობენ.

როდესაც გვყავს ფარცხალაძე შეერთებული შტატების მხრიდან მხილებული "ეფ ეს ბეს" აგენტობაში, რომელსაც გავლენა აქვს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ბატონი დავით ხიდაშელი, რომელსაც ჯერ გადასცეს რაჭის ტყეები, შემდეგ უკან წაიღეს მადლიერების ნიშნად და ახლა საუბარი არის გარკვეულწილად აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რაც ბუნებრივია რუსეთის ინტერესების ჭრილში უნდა განვიხილოთ და არა საქართველოსი და სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" უშვებს იმას, რომ ეთნიკურად ქართველი და სულით რუსი ადამიანები მათთან არაფორმალური ურთიერთობებით ალაგებენ საკუთარ ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს", - თქვა აქუბარდიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ როგორც წინა არჩევნების დროს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პოზიტიურად დასაძლევად, "ოცნება" დავით ხიდაშელს მაშველ რგოლად იყენებს, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გუნდის ეს პროპაგანდა დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.

ეს არის ცრუ დღის წესრიგი, გარეჯი 2. ერთი გარეჯი დაგვიბრუნეს, მეორე აფხაზეთს დაგვიბრუნებენ კიდევ. ესენი არიან მოკლეფეხება პროპაგანდისტები. საერთოდ არ აინტერესებთ საქართველო მაშინ, როდესაც საქართველოს ერთიანობა დამოკიდებული არის ძლიერ საქართველოზე, ევროკავშირის წევრ საქართველოზე. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზებიც ამბობენ, რომ აფხაზური პასპორტით მივდივართ სამ ქვეყანაში, ხოლო საქართველოს პასპორტით დადიან ასზე მეტ ქვეყანაში. ეს არის მიმზიდველი მათთვის და არა ის, თუ რას გადაწყვეტს და დაილაპარაკებს ხიდაშელი", - ამბობს მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები