მძღოლების პროტესტი თბილისში - რა შედეგით დასრულდა აუდიტორებთან შეხვედრა
პროტესტის რეჟიმში გადასული ტრაილერის მძღოლები მოქმედებაზე გადავიდნენ - ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდაბრებულ უწყებას მძღოლებმა სავარაუდო კორუფციული სქემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სატვირთო ავტომობილებზე მომუშავე ადამიანები ამტკიცებენ, რომ სააგენტო ტვირთების გადასატანად საჭირო ნებართვებს არ გასცემს და დოკუმენტებს შავ ბაზარზე ყიდიან. თითოეული ასეთი დოკუმენტის ფასი კი 150 ლარის ნაცვლად, 400 დოლარია. ბრალდებების მთავარი ადრესატი კი სააგენტოს ხელძღვანელია.
აუდიტორებთან შეხვედრის შემდეგ მძღოლები ამბობენ, რომ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე და ახლა ელოდებიან აუდიტის მოკვლევის შედეგებს. მანამდე კი, საპროტესტო აქციებს აჩერებენ.
დაგვიბარეს აუდიტზე და დაგვპირდნენ ამ პრობლემის მოგვარებას უახლოეს დღეებში. რაც იყო რეალურად, ის მოვყევი, დოკუმენტები არა. დაინტერესდნენ და გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში ამ პრობლემას აღმოფხვრიან და მოგვარდება.
პროტესტი, ჯერჯერობით, არ გრძელდება, თუ პასუხი იქნება ისეთი, რომ არ მოგვარდება და ისევ ისე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, პროტესტი განახლდება და უფრო დიდი მასშტაბით,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
(ჟურნალისტის კითხვა: დაიბარებენ ბატონ ლევანს?) - ეს რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერს საგულდაგულოდ გამოიძიებენ და დალაგდება სატრანსპორტო სიტუაცია. ბევრი გამოსაძიებელი არ არის, ისედაც მიხვდებიან რა ჯაჭვური სქემა იყო, ამას თვითონაც ადვილად დაადგენენ,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ახლა მაკონტროლებლებმა უნდა დაადგინონ, რა სქემით იყიდება შავ ბაზარზე ტვირთების გადასაზიდად საჭირო ლიცენზიები. მანამდე კი ექსპერიმენტი პირველებმა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ 400 დოლარის სანაცვლოდ მძღოლებს დოკუმენტებს უპრობლემოდ გადასცემენ.