ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას - სარჯველაძე

08.03.24 12:21
ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას - სარჯველაძე

"ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას", - ამ განცხადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აკეთებს და იერიში მიაქვს დასავლელ პარტნიორებზე. 

სარჯველაძის თქმით, სწორი რეაქცია იქნებოდა იმის თქმა, რომ ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში ადეიშვილის შეხვედრები იყო შეცდომა.

წესით, დელეგაციის შემადგენლობა უნდა სცოდნოდათ და ამით უნდა დაინტერესებულიყვნენ, რადგან ადამიანი ბუნდესტაგში მიდის, საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება და შეხვედრებს მართავს. არ მგონია, ეს ბუნდესტაგისთვის მაინც და მაინც საამაყო იყოს. ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში მხილებულია ხუთი დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა კობა დავითაშვილის თემა, ტელეკომპანია „იმედის“ საკითხი. ამ საქმეებზე პასუხისმგებლობა სწორედ ზურაბ ადეიშვილზეა დაკისრებული და ამ ადამიანის საპატიო სტატუსით სტუმრობა ბუნდესტაგში არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას და არც გერმანულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის იქნება სასარგებლო. გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, ეთქვათ, რომ ეს ვინმეს მხედველობიდან გამოეპარა.

რა სასიამოვნოა, როცა კანონის უზენაესობაზე იმ ადამიანს ელაპარაკები, რომლის სახელიც საქართველოში ასოცირდება ბიზნესის რეკეტთან და იმ ციხის ზედამხედველობასთან, სადაც ადამიანებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ. მგონი, ამ ყველაფრის ფონზე სწორი რეაქცია იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს იყო შეცდომა ან შეიძლება საერთოდ არაფრის თქმა სჯობდა. დეზინფორმაცია რაშია, რაიმე ფაქტი გაყალბდა? უსამართლო შეფასებებს ვაკეთებთ? – არ მესიამოვნება, რომ ჩემს ქვეყანაში მივიღო და პარლამენტში ისეთი ადამიანი ვიხილოთ, რომელიც არაერთ საქმეშია ბრალდებული. ასეთი ადამიანის პარლამენტის ლოჟაში ყოფნა მომინდება? – ადეიშვილზე პრეტენზიის გამოხატვა დეზინფორმაციად თუ ითვლება, კი ბატონო, ასე იყოს, მაგრამ მე ასე ვერ ჩავთვლი. ადეიშვილს სისტემურ დანაშაულებში მიუძღვის ბრალი, ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს და ეს არის დეზინფორმაცია?“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე "ოცნების" იერიშს უპასუხა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, სადაც პირდაპირ წერია, რომ "შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".

მსგავსი სიახლეები