ახალი სატრანზიტო გზები რუსეთისთვის - რა საფრთხეებს ხედავენ ოპოზიციაში

08.03.24 13:25
ახალი სატრანზიტო გზები რუსეთისთვის - რა საფრთხეებს ხედავენ ოპოზიციაში

სრული დუმილი "ქართულ ოცნებაში" - ამ დრომდე ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს სიტყვაც კი არ უთქვამს  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სახიფათო განცხადებაზე.  

რუსეთის ახალი გეგმაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით, სატრანზიტო გზები გაიჭრას. დღეს ოფიციალურად დასვენების დღეა, ამიტომ, სავარაუდოდ, სწორედ ამას მოიმიზეზებს საქართველოს მთავრობა და პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

რა უნდა გაკეთდეს ამ დროს, როცა არის რისკი რუსეთიდან წამოსული აკრძალული ტვირთები საქართველოს გავლით გაიტანონ? - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეფ-ეს-ბე-ს გეგმა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი აჟღერებს, ქვეყნისთვის საფრთხის მომტანია. 

იკვეთება არაერთი საფრთხე, მათ შორის, იკვეთება აკრძალული ნივთების და საქონლის რეექსპორტის საფრთხე, ასე, რომ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ და მკაცრად რეგულირებული. ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს აბსოლუტურად გაპარტახებული საერთაშორისო რეპუტაცია, რაც არის ქართული ოცნების 12-წლიანი მმართველობის პირდაპირი შედეგი და ამ ფონზე უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის გამადიდებელი შუშის ქვეშ. ამიტომაც საჭიროა უმკაცრესი რეგულაციები და ნამდვილად არ არის საჭირო ახალი სატრანსპორტო გზების შექმნა,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.

ეს არის ერთი რუსული ჰიბრიდული ოპერაცია, რომლის მიზანიც არის გამოიყენოს ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკები საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესი უზრუნველყოს და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავისი ოკუპირებული ტერიტორიებით დააბრუნოს საკუთარი გავლენის ქვეშ. მაინტერესებს ბატონი შალვა პაპუაშვილის აზრი, რომელიც დასავლეთს ადანაშაულებს სუვერენულობის დარღვევასა და ჩარევაში შიდა საქმეებში და ამ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესზეა საუბარი, ამაზე დუმს,“ - ამბობს აქუბარდია.

რუსეთმა მოახერხა და პარალელური იმპორტით საქართველო გამოიყენა როგორც მესამე ქვეყანა, რომ სანქციებისგან თავი აერიდებინა, ეს არის წამგებიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არის წამგებიანი საქართველოს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე,“ - ამბობს ვასო ურუშაძე.

მსგავსი სიახლეები