"აღიარების ნიშნებს ატარებს", "სარგებელი სახელმწიფოს არ ექნება" - ექსპერტები ახალი სატრანზიტო გზის ამოქმედების საფრთხეებზე

08.03.24 17:32
"აღიარების ნიშნებს ატარებს", "სარგებელი სახელმწიფოს არ ექნება" - ექსპერტები ახალი სატრანზიტო გზის ამოქმედების საფრთხეებზე

ახალი  სატრანზიტო გზის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს საფრთხე ემუქრება - ამ დასკვნამდე უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები მივიდნენ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებიდან უკვე საათზე მეტი გადის, თუმცა ოფიციალური თბილისი ამ დრომდე დუმს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს გამტარობით, ტვირთების გადაზიდვა დაიწყება, შესაძლოა, საერთაშორისო სანქციები საქართველოსაც მოუახლოვდეს. 

უნდა ავწონ-დავწონოთ, რამდენად გვიღირს ის ეკონომიკური შემოსავალი იმ პოლიტიკურ ფასთან, რაც უნდა გადავიხადოთ. იმიტომ, რომ ასეთ პროექტებში ჩართვა დე ფაქტო ხელისუფლებასთან აღიარების რაღაც ნიშნებს ატარებს უკვე და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები და ბევრი კონსულტაციები უნდა გავიაროთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან. 
მაღალ შემოსავალზეც არ არის საუბარი - იგივე რუსეთის რკინიგზაზე რომ იყო, იქ დათვალეს და არაფერი შემოსავალი არ იყო, რომ გვიღირდეს სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებად. 
პირველი პოლიტიკური ფასი ის არის, რომ რუსეთთან უფრო ინტეგრაციაზე ვთანხმდებით ჩვენ. ეს გზა მერე აფხაზეთი თუ ჩაერთნენ, ჩათვალეთ რუსები არიან და თეთრ ხვრელად გაჩნდება თავიდან ბოლომდე სანქციური თავის არიდების მექანიზმი იქნება. ამაზე ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ამერიკელებთან ურთიერთობა დაზიანდება. ფულს კი იშოვიან ვიღაც „ქართული ოცნების“ კონკრეტული წევრები და ხალხს არაფერი არ დარჩება,“ - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

არანაირი სარგებელი ქართულ სახელმწიფოს ამით არ ექნება. ჩვენ გვახსოვს 2004 წლამდე როგორი კონტრაბანდული სქემები იყო დალაგებული და როგორი ზიანი ადგებოდა საქართველოს ბიუჯეტს და სუვერენიტეტს. ეს განზრახვა არის ქართული სახელწმიფოს საწინააღმდეგოდ, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართული ეკონომიკის დაქცევის და არაფერი სიკეთე ამის უკან არ იკითხება. ჩვენ გვაქვს რუსებთან საქმე, არანაირი აფხაზური და ოსური მხარე არ არსებობს, იქ არის რუსული მხარე, საოკუპაციო ჯარია და ნაკლები ჰალუცინატორები დალიონ, ვერანაირი გზა ვერ გაიხსნება,“ - ამბობს მამუკა ყურაშვილი.

მსგავსი სიახლეები