გაუხსნის თუ არა საპასუხო ცეცხლს ღარიბაშვილი ახალ პრემიერს? - "ოცნების" თავმჯდომარე დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდება
როგორი პასუხი ექნება ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ახალი პრემიერისთვის? - სამთავრობო წმენდის მესამე სერიის ბოლოს და მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში მოწყობილი გენერალური დასუფთავების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდება.
ახლა საინტერესოა, რას იტყვის ღარიბაშვილი იმ ტანმაღალ რკინის ღობეზე, რომლითაც თავად სამსახურის ეზო შემოღობა, მისმა ადგილმონაცვლემ კი კონსტრუქციები დაშალა.
ახალი პრემიერი უკვე მეორედ ემზადება მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. კიდევ ვინ შეიძლება, რომ წავიდეს და ვინ დაინიშნება ვაკანტურ ადგილებზე, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი.
იქამდე კი ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის დანიშნავენ თანამდებობაზე, რადგან ჩინოვნიკები ქართველი ოლიგარქის მორჩილებაში არიან, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მინისტრთა კაბინეტში არსებულ როტაციას ფასადური ხასიათი ჰქონდეს.
არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვის დანიშნავენ თანამდებობაზე, რადგან ეს ადამიანები ხომ კლანური პრინციპით არიან შერჩეული. ბიძინა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს, უნდა ემორჩილებოდეს და პრაქტიკულად, მარიონეტი უნდა იყოს ივანიშვილის და შემდეგ ასეთ სუბიექტს დანიშნავენ რომელიღაც თანამდებობაზე, ჩააბარებენ სამინისტროს პორტფელს. ეს ადამიანები არ ინიშნებიან პატიოსნების, გამოცდილების, საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა. აქ ერთი კაცი განსაზღვრავს ქვეყნის კურსს. ის იღებს გადაწყვეტილებებს, ის არის მთავარი ბიზნესმენიც, მთავარი კომერსანტიც, მთავარი პოლიტიკოსი და მთავარი ოლიგარქიც", - ამბობს ცისკარიშვილი.